კვირიკაშვილი კიევში უკრაინის ლიდერებს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 28 Mar.'17 / 10:57

კვირიკაშვილი და უკრაინის პრემიერ მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი, 27 მარტი, 2017. ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 27 მარტს, კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ გროისმანთან გამართა შეხვედრა, რომელთანაც საქართველო - უკრაინის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

უკრაინის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა კომერციულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელეს. ასევე, ხაზი გაუსვეს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის წახალისების საჭიროებას.

პრემიერ-მინისტრმა გროისმანმა საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მუდმივ მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; თქვენი პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის აგრესიაზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ გროისმანმა.

შეხვედრის დასასრულს, კვირიკაშვილმა უკრაინელი კოლეგა ნოემბერში აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად საქართველოში მოიწვია. მხარეები ასევე მიესალმნენ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე უკრაინა-საქართველოს ერთობლივ სამთავრობო კომისიის სხდომას, რომელიც 12-13 აპრილისთვისაა დაგეგმილი.

იმავე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან ერთად სუამის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


პრეზიდენტი პოროშენკო სუამის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან, 27 მარტი, 2017. ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ პოროშენკო მიესალმება სუამის სამიტის შედეგებს, რომლებსაც „სუამის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ასამოქმედებლად დიდი მნიშვნელობა აქვს“.

„მხარეები მიესალმნენ იმ დოკუმენტების ხელმოწერას, რომელიც სუამის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ხელს შეუწყობს. ეს დერეფანი ევროპისა და აზიის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი გახდება, რომელიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ფართო შესაძლებლობებს შექმნის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

შეხვედრაზე კონფლიქტური რეგიონების შესახებაც იმსჯელეს. „მხარეებმა ურთიერთმხარდაჭერა გამოხატეს სუამის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის მიმართ“, - პოროშენკოს ადმინისტრაციამ განაცხადა.

Civil.Ge © 2001-2024