პრემიერ-მინისტრი საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 21 Apr.'17 / 12:36

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 20 აპრილს სიტყვით გამოვიდა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე, სადაც უსაფრთხოების სფეროს ქართველი და უცხოელი ექსპერტები შეიკრიბნენ. 

თავის შესავალ სიტყვაში პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. áƒ›áƒáƒœ „ევროპული და რეგიონული უსაფრთხოების" უზრუნველყოფის მიზნით „ერთიანი სტრატეგიული ხედვის და უსაფრთხოების ეფექტური სისტემის“ შექმისკენ მოუწოდა

პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც შეეხო და განაცხადა: „ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და აქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა, საქართველო გადატანილი მღელვარებების მიუხედავად, ინარჩუნებს შედარებითი სტაბილურობის კუნძულის სტატუსს ამ ტურბულენტურ ხანაში“.

მისი თქმით, „გასული ოცდახუთი წლის მანძილზე ჩვენ სამოქალაქო ომით გახლეჩილი სახელმწიფოდან დინამიურ, დემოკრატიულ ქვეყნად გარდავიქმენით“.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ხედვაა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, „საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით“.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ და „შავის ზღვის უსაფრთხოების გადამწყვეტი საკითხის“ ნატოს დღის წესრიგში შეტანას მიესალმა. „საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორი, მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს“, - დასძინა მან.

კვირიკაშვილმა საქართველოს სატრანზიტო როლზეც ისაუბრა და ქვეყანას „დიდი აბრეშუმის გზის მთავარი კომპონენტი“ უწოდა.

„რამდენიმე წლის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას... ჩვენ უკვე დავასრულეთ მოლაპარაკებები და საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება ჩინეთთან. ჩვენ ასევე  გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დსთ-სთან, თურქეთთან, ასევე პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა (GSP) აშშშ-სთან, კანადასთან და იაპონიასთან და ვგეგმავთ წელს ინდოეთთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის, პრაქტიკულად, ყველა სასიცოცხლო ინტერესის გზაგასაყარზეა, რაც მას მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების სანდო პარტნიორად აქცევს. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის როგორც „დასავლური ინტერესების საყრდენის“ როლს რეგიონში. „სწორედ ეს არის, რაც ჩვენ ღირებულს გვხდის ჩვენი მეზობლებისა და პარტნიორებისთვის უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობის კონტექსტში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ნამდვილად ვაღიარებთ ჩვენი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024