საქართველოს და ესტონეთის საგარეო მინისტრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე იმსჯელეს
Civil Georgia, Tbilisi / 25 Apr.'17 / 13:35

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი 24 აპრილს ოფიციალური ვიზიტით თბილისს სტუმრობდა, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხი განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც თავის ესტონელ კოლეგას უმასპინძლა, შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ ესტონეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს, კერძოდ, ევროკავშირის საბჭოში ესტონეთის თავმჯდომარეობის კონტექსტში.

ესტონეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში, რომელიც 1 ივლისს დაიწყება და ექვს თვეს გასტანს, ესტონეთი ევროკავშირის საბჭოს პოზიციების განსაზღვრაზე იქნება პასუხისმგებელი.

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობისას ესტონეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი“ ქვეყნების თანამშრომლობა იქნება“, - განაცხადა ჯანელიძემ და დასძინა, რომ მინისტრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე ისაუბრეს, რომელიც ბრიუსელში ნოემბერში გაიმართება. 

მისი თქმით, ეს არის „უმნიშვნელოვანესი ღონისძიება და განსაზღვრავს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების მომავალ პერსპექტივებს“.

საქართველოს ოფიციალურ პირებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ისინი ელიან, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მკაფიო გზავნილი გაკეთდება საქართველოს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვესმის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მხრიდან სხვადასხვა დონის ამბიციაა ევრონტეგრაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა სვენ მიკსერმა.

„საქართველო არის ნამდვილად წარმატებული მაგალითი, ქვეყანა, რომელმაც დაისახა ძალიან ამბიციური მიზანი ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი ამ მიზნამდე, უმნიშვნელოვანესია ეს პროცესები, რომელიც მიგვიყვანს წევრობამდე, როდესაც ამის შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა მან.

მანამდე კი, განაგრძო მიკსერმა, საქართველომ რეფორმები უნდა განახორციელოს, რომელიც „ამ მიზნამდე მიიყვანს ქვეყანას“. 

„[ეს რეფორმები] ძალიან ხშირ შემთხვევაში გვესახება მტკივნეულად და რთულად, მაგრამ ისინი ძალიან დადებითია საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ზოგადად მოსახლეობისთვის, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნება მიღწეული საბოლოო მიზანი“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„აქ იმიტომ ვართ, რომ თქვენ დაგეხმაროთ და რჩევები მოგცეთ ყველა შესაძლო საშუალებით“, - დასძინა მან.

მიკსერმა საქართველოს ნატოში მისწრაფებების შესახებაც ისაუბრა და ქვეყანას „სამაგალითო პარტნიორი“ უწოდა, რომელსაც მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში და ასევე ძალიან კონსტრუქციულად მუშაობს რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვის რეგიონში.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მომხრეა. „მოგიწოდებთ, რომ ყველა ფორმატი გამოიყენოთ“, მათ შორის გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, აღნიშნა მან.

პრესკონფერენციის შემდეგ სვენ მიკსერი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მახლობლად მდებარე სოფელ ხურვალეთში გაემგზავრა, სადაც მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზა გამოინახოს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელების გზით. 

მინისტრის თქმით, „რუსეთის უკანონო ქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას აზიანებს და ამიტომ, რეგიონულ უსაფრთხოებას და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“.

მან ასევე შეშფოთება გამოხატა იმ გავლენის გამო, რომელსაც რუსეთის ქმედებები სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე ახდენს და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ამ ორ რეგიონზე.

მოგვიანებით, იმავე დღეს, ესტონეთის საგარეო მინისტრი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

Civil.Ge © 2001-2024