ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა
Civil Georgia, Tbilisi / 13 Jun.'17 / 17:52

ლიტვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები, 12 ივნისი, 2017. ფოტო: mfa.gov.ge

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა თავისი ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 11 ივნისს ოკუპირებულ აფხაზეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე სტუმრობით დაიწყო. მასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ასევე ესტუმრნენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

„საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ დაივიწყებს, რომ კონფლიქტი - საქართველოს რეგიონების მცოცავი ანექსია - გრძელდება. არა მხოლოდ კონფლიქტი გრძელდება, არამედ საქართველომ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, რაც ყველაზე მეტად მის მცხოვრებლებს აყენებს დარტყმას“, -განაცხადა ლინკევიჩიუსმა მას შემდეგ, რაც ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტს, რომელიც ერთ-ერთია იმ ორი გამშვები პუნქტიდან, რომელიც წელს დაიხურა, და ენგურის ხიდს ესტუმრა.

12 ივნისს ლინას ლინკევიჩიუსი საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, რომელიც რეფორმების რთულ გზაზე დგას იმ დროს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია“. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოს და ევროკავშირის მისიებში „მნიშვნელოვანი წვლილის“ შეტანის გამო.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მადლიერება გამოხატა ლიტვის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის გამო.

„გთხოვთ გადასცეთ ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი გულითადი მადლობა, ნატო-ს სამიტზე საქართველოს პოზიციების დაცვისათვის. იგი საქართველოს უდიდესი მხარდამჭერია“, - მიმართა მარგველაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ლინკევიჩიუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი იმედოვნებს, რომ საქართველო, როგორც ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, „მხოლოდ უმაღლეს სტანდარტებს შეინარჩუნებს, მათ შორის დემოკრატიის თვალსაზრისით“.

„საქართველოს პროგრესი უდავოა. მაგრამ ახლა, როდესაც საქართველოს ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნები - ასოცირების შეთანხმება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა - უკვე მიღწეულია, მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს რეფორმების ტემპი და ეს ინსტრუმენტები ფართოდ იქნას გამოყენებული საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ, ასევე ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისთვის“, - განაცხადა ლინკევიჩიუსმა.

12 ივნისს, ლინკევიჩიუსის და მისი ქართველი კოლეგის, მიხეილ ჯანელიძის თავმჯდომარეობით საქართველო-ლიტვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ვისურვებდი, რომ რეფორმების ტემპი შეინარჩუნოთ და არ შეგეშინდეთ ახალი მიზნების დასახვა, ასევე დემოკრატიის დანერგვა საქართველოში“, - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მისწრაფებებზე ნატოში და აღნიშნა, რომ მონტენეგროს გაწერვიანება ალიანსში ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულების დასტურია.

„რა თქმა უნდა, დადგება დრო, როდესაც საქართველო ნატოს წევრი გახდება. ამიტომ, საქართველო სრულად უნდა იყოს მზად ამისთვის. მნიშვნელოვანია გაძლიერდეს და გაღრმავდეს თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის და ყველა ის პრაქტიკული ინსტრუმენტი იქნას გამოყენებული, რომელიც ქვეყანას წევრობისთვის მომზადებაში დაეხმარება“, - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეხვედრაზე ჯანელიძემ და ლინკევიჩიუსმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტისთვის მზადების საკითხზე და ლიტვასა და საქართველოს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე მინისტრებმა ხელი მოაწერეს მხარეთა შორის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-4 სხდომის ოქმს.

სეიმის რეზოლუცია და სამოქმედო გეგმა საქართველოს მხარდასაჭერად

ლინას ლინკევიჩიუსის ვიზიტამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ლიტვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც დემოკრატიის მხარდასაჭერად ვალდებულების განახლების საჭიროებას ეხება, უკრაინასა და საქართველოში „რუსეთის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას“ აკრიტიკებს და ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ამბიციური ხედვის შემუშავებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციის თანახმად, რუსეთის ქმედებები მიზნად ისახავს „ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დაშლას და ის პასუხისმგებელია საქართველოში არსებულ მცოცავ ოკუპაციაზე, უკრაინაში მიმდინარე აგრესიაზე, რასაც უკვე 10 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საინფორმაციო ომზე დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ და ევრო-ატლანტიკური სივრცის სუვერენულ სახელმწიფოებში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე, რაც მზარდ საფრთხეს ქმნის“.

სეიმამ მოუწოდა ევროკავშირს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ამბიციური ხედვა შეიმუშავოს, რომელიც დაფუძნებული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ყველაზე პროგრესული ქვეყნებისთვის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივებზე“. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ „იმ რეფორმების წარმატება, რომელთაც უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ასოცირების შეთანხმებები ითვალისწინებს, დიდწილად დამოკიდებული იქნება ევროკავშირის პოლიტიკურ ჩართულობაზე და მზარდ ფინანსურ წახალისებაზე“.

10 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების მიერ შემუშავებული დოკუმენტი - 2017-2020 წლებში ლიტვის მიერ საქართველოს მხარდაჭერის სამოქმედო გეგმა - გამოაქვეყნა. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ლიტვის მთავრობის მიერ საქართველოსთვის პოლიტიკური, ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერის მობილიზების საჭიროებაზე, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების და ინვესტიციების ხელშეწყობაზე, საპარლამენტათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაზე და სხვა.

Civil.Ge © 2001-2024