ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა
Civil Georgia, Tbilisi / 3 Jul.'17 / 12:43

გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, 1 ივლისი, 2017. ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial/

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე, იქნება.

კალაძის კანდიდატურის წარდგენა 1 ივლისს მთაწმინდის პარკში გამართულ შეხვედრაზე მოხდა.

კალაძის კანდიდატურის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ  იგი „არა მხოლოდ ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი, არამედ ის გახლავთ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი“.  

„კახი ყოველთვის გამოირჩეოდა საქმისადმი ბოლომდე ერთგულებით, ის არის ენერგიული, ჩვენი ქვეყნის მოყვარული ადამიანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „თავისი თანამედროვე, საინტერესო მიდგომებით, კახი კალაძე აუცილებლად, ძალიან მნიშვნელოვნად დაატყობს ხელს თითოეული თბილისელის ცხოვრებას“.

თავის გამოსვლაში კახა კალაძემ არჩევნების წინ პარტიის ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.  „2012 წელს, როცა [მიხეილ სააკაშვილის] რეჟიმმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და მხოლოდ ძალადობა, უკანონობა სუფევდა ირგვლივ, ჩვენმა ერთობამ და გუნდურობამ მოიტანა ის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება“, - განაცხადა კალაძემ და პარტიის აქტივისტებს და მხარდამჭერებს,მომავალ არჩევნებში გამარჯვების მისაღწევად, ერთად დგომისკენ მოუწოდა.

„ძალიან მალე თითოეულ თბილისელს დეტალურად გაგაცნობთ იმ პროექტებს და მიზნებს, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ მომავალში, რომელიც მთლიანად თქვენს მოთხოვნებზე, სურვილებზე თუ საჭიროებებზე არის ორიენტირებული და მორგებული“, - განაცხადა კალაძემ და პრიორიტეტებს შორის სოციალური საკითხები, გარემოს დაცვა, საგზაო მოძრაობა, პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაასახელა.  მან ასევე პირობა დადო, რომ მოხდება ქაოტური მშენებლობების  დარეგულირება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია და ახალ მშენებლობებზე ხარისხის კონტროლის და უსაფრთხოების დაცვის ნორმების áƒ¨áƒ”მოღება.

თბილისის მერობის კანდიდატმა თბილისის „ტრადიციებზეც“ ისაუბრა რელიგიური და ეთნიკური ტოლერანტობის კუთხით. მან ახალგაზრდებსაც მიმართა და „დედაქალაქის ცხოვრების, სტილის, იერსახის დაგეგმარების პროცესში“ აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

კალაძე დავით ნარმანიას მუშაობასაც შეეხო და განაცხადა, რომ „დღემდე ქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა“.

„მაგრამ საზოგადოება ვითარდება და ჩვენც ბევრად უფრო მეტი გვინდა.  ჩვენ გვაქვს კარგი ბაზისი, კარგი სასტარტო პირობა, რათა გარდამტეხი ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი ქალაქის სწორი და გააზრებული განვითარებისთვის“, - განაცხადა მან. 

კახა კალაძე, რომელმაც იტალიური საფეხბურთო კლუბის „მილანის“ შემადგენლობაში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ მოიგო, 2011 წელს შეუერთდა იმ დროს ოპოზიციაში მყოფ „ქართულ ოცნებას - დემოკრატიულ საქართველოს“. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ის კოალიცია „ქართული ოცნების“ სიის სათავეში იყო. სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში გამარჯვების შემდეგ, კალაძე ახალი პარლამენტის წევრი გახდა. არჩევნებიდან მალევე ის ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა.    

Civil.Ge © 2001-2024