ოპოზიცია ხელისუფლებას დიალოგს სთავაზობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე
Civil Georgia, Tbilisi / 5 Jul.'17 / 17:52

ოპოზიციური პარტიები, საკონსტიტუციო ცვლილებების „კომპრომისული პროექტის“ მოსამზადებლად, ხელისუფლებას დიალოგის გამართვას სთავაზობენ.

ამ მიზნით, დღეს, 15-მდე კვალიფიციური ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიცია, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი, ასევე - დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღო, ოპოზიციური სპექტრის ძირითად უკმაყოფილებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ნორმები იწვევს.

ოპოზიცია აპროტესტებს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადის 2024 წლამდე გახანგრძლივებას და  პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლების ჩამორთმევას.

ოპოზიცია ასევე ითხოვს, რომ საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევის გადწყვეტილება არ დარჩეს გარდამავალ დებულებად, რომელიც მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმოქმედებს, არამედ - იქცეს კონსტიტუციის მუდმივ ნორმად, რომლითაც შემდგომი საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების სისტემის და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის საკითხებზე კონსენსუსი მიღწეული არ არის.

„ოპოზიციურმა პარტიებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, რათა მესამე მოსმენისთვის მივიღოთ ცვლილებების კომპრომისული პროექტი. მზად ვართ კონსულტაციების პროცესში განვიხილოთ როგორც კონსტიტუციური რეფორმის საკითხები, აგრეთვე  სხვა ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო გარემოს“, - ნათქვამია დღევანდელ შეხვედრაზე მიღებულ ერთობლივ მიმართვაში.

„მე იმედი მინდა დავიტოვო და საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაა ასეთი, რომ შევეცადოთ და უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას მივმართოთ ამ თვალსაზრისით, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რათა თავიდან გავაჩინოთ სივრცე დიალოგისთვის, თანხმობისთვის, კონსენსუსისთვის, რომ ამ პროცესს შევძინოთ ლეგიტიმაცია“, - განაცხადა შეხვედრაზე პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ.

დღესვე ოპოზიციის მიმართვას სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართული ოცნება მიესალმება ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებს.

„ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და მზად ვართ, ჩავერთოთ ამ კონსულტაციებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შედგეს საერთო კონსენსუსი დოკუმენტთან დაკავშირებით და ამისთვის ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით ივნისის თვეში, რიგგარეშე სხდომაზე უკვე მიიღო. სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო ოპოზიციამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანსმა, ხოლო პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ევროპულმა საქართველომაც დატოვა.

საკონტიტუციო ცვლილებათა პაკეტის მესამე მოსმენით განხილვა და მიღება პარლამენტის საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი.

Civil.Ge © 2001-2024