პრემიერ-მინისტრი: ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის გაგრძელებისთვის მზად არის
Civil Georgia, Tbilisi / 6 Jul.'17 / 14:40

6 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მოწოდებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის განახლების შესახებ და დიალოგისთვის მზადყოფნა გამოხატა.

„ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კიდევ გავაგრძელოთ დიალოგი, რათა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების გამოხატულება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად არის მზადყოფნა პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, თუმცა იქვე დასძინა: „ჩვენ ჩვენი მხრიდან გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები, რომლებზეც დეტალურად აღარ ვისაუბრებ და კიდევ ერთხელ ვამბობ: მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი და კიდევ მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება რაღაცეებზე დამატებით შეთანხმება“.

გიორგი კვრიკაშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მისაღწევად დიალოგის დაწყება იყო ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, ჯანი ბუკიკიოსთან, 5 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა. 

„ბატონმა ჯანი ბუკიკიომ გამოხატა კმაყოფილება ჩვენი მზადყოფნის გამო, რომ გავაგრძელოთ დიალოგი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ, 5 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის აპარატის, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა.  

გუშინვე, დიალოგისთვის მზადყოფნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც, გამოთქვა.

Civil.Ge © 2001-2024