ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
Civil Georgia, Tbilisi / 12 Jul.'17 / 16:27

თბილისის საკრებულოს წევრმა, საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობა ოფიციალურად განაცხადა და 11 ივლისს თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

„მე გადავწყვიტე ვიყო მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. მე გადავწყვიტე ვიყო დამოუკიდებელი, მაგრამ... ცხოვრების ბოლომდე ვიყო დამოკიდებული მხოლოდ ხალხზე", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა გამოსვლაში, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, გუდიაშვილის მოედანზე გაიმართა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება იმ უამრავი პრობლემის გამო მიიღო, რაც დედაქალაქში არსებობს.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ პრობლემებით გატანჯული ქალაქის ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომის ფასად ისეთ ქალაქად გადაქცევა, სადაც ცხოვრება სასიამოვნო და კომფორტული იქნება. ჩვენ ვიმსახურებთ უკეთეს ქალაქს, რომელსაც ერთად შევქმნით“- განაცხადა ელისაშვილმა.

თავის გამოსვლაში, ელისაშვილმა ყურადღება გაამახვილა ნაციონალურ მოძრაობის და ქართულ ოცნების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებაზეც.

„მე ხელისუფლებაზე გამარჯვების გამოცდილება მაქვს. ბევრს დაავიწყდა, რომ სამი წლის წინ, საბურთალოზე, მე და ჩემმა ამომრჩევლებმა ერთად დავამარცხეთ ქართული ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც. ასე რომ, მე ვიცი როგორ მივაღწიო გამარჯვებას ხალხთან ერთად“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილმა ასევე ისაუბრა თავის უშუალო კონკურენტებზე და ქალაქში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობა მათ უკან მდგომ პოლიტიკურ ჯგუფებს დააკისრა. მისი თქმით, თბილისში არსებული პრობლემები ამ პოლიტიკური ჯგუფების „ცხრაწლიანი და ხუთწლიანი მმართველობის შედეგად“ შეიქმნა.

ელისაშვილმა პირობა დადო, რომ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც შეინარჩუნებს და რომ თოთოეული მოქალაქისთვის „ხელმისაწვდომი მერი“ იქნება. „მე არ ვაპირებ ანგარიში ვაბარო სოლოლაკის სასახლეს, ან კიევში დეპეშები ვაგზავნო. მე ვაპირებ, ანგარიში გაბაროთ მხოლოდ თქვენ“, - მიმართა მხარდამჭერებს ელისაშვილმა.

ალექსანდრე ელისაშვილმა დასძინა, რომ ის სრულიად დამოუკიდებელია „დიდი ბიზნესისაგან“, რომელიც, მისი თქმით, არჩევნებში თანადგომის სანაცვლოდ, ხელისუფლებას აიძულებს, დათანხმდეს ქალაქისათვის დამაზიანებელი სამშენებლო თუ სხვა პროექტების განხორციელებას.

ალექსანდრე ელისაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიასა და რადიოში ჟურნალისტად მუშაობდა. 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქმედ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 2014 წელს კი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა საბურთალოს ერთ-ერთი საარჩევნო ოლქიდან.

ელისაშვილი ასევე იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი, რომელიც დედაქალაქის ისტორიული იერსახის, მათ შორის, გუდიაშვილის მოედნის, შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

ამ დროისთვის, ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერობის მეოთხე კანდიდატია.

დედაქალაქის მერის პოსტზე მმართველი გუნდიდან, ქართული ოცნებიდან, წარდგენილია ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, კახა კალაძე, ნაციონალური მოძრაობიდან - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი წამყვანი,ზაალ უდუმაშვილი, ხოლო ევროპული საქართველოდან - პარლამენტის წევრი, ელენე ხოშტარია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სავარაუდოდ 2017 წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.

Civil.Ge © 2001-2024