რუსეთი აფხაზეთში მომხდარი თავდასხმისა და მკვლელობის გამო შეშფოთებას გამოხატავს
Civil Georgia, Tbilisi / 13 Jul.'17 / 17:48

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 ივლისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთება გამოთქვა 11 ივლისს აფხაზეთში რუს ტურისტებზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რის შედეგადაც ერთ-ერთი ტურისტი - 33 წლის ანდრეი კაბანოვი სასიკვდილოდ დაიჭრა.

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ განაცხადა 11 ივლისს, რომ გუდაუთის რაიონის სოფელ არსაულში ორი უცნობი შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა ორ რუსულ ოჯახს, რომელთაგანაც ერთი პირი მოკლეს, ხოლო ორი ქალი და ოთხი ბავშვი მძევლად აიყვანეს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, მოგვიანებით მძევლები გაათავისუფლეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა 12 ივლისის განცხადებაში, რომ ის იმედოვნებს, რომ „აფხაზეთის სამართალდამცავი სტრუქტურები უმოკლეს ვადაში იპოვიან დამნაშავეებს და პასუხისგებაში მისცემენ მათ“.  „რუსეთის საელჩო სოხუმში ყურადღებით ადევნებს თვალს გამოძიებას“, - დასძინა მან.

რუსეთის ელჩი ოკუპირებულ რეგიონში, სემიონ გრიგორიევი ნაკლებად თავდაჭერილი იყო თავის განცხადებებში. „მე არაერთხელ ვუთხარი აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, რომ მათთვის პრიორიტეტულ ამოცანას რუსი ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა“, - განუცხადა გრიგორიევმა ადგილობრივ მედიას.

13 ივლისს სეპარატისტული აფხაზეთის პროკურატურამ დაუდასტურა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს, თუმცა მათი ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

თავდასხმამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ოკუპირებულ რეგიონში რიგ მძიმე დანაშაულებს ჰქონდა ადგილი, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.

Civil.Ge © 2001-2024