აშშ ცხინვალის რეგიონის ბორდერიზაციის გამო შეშფოთებულია
Civil Georgia, Tbilisi / 14 Jul.'17 / 19:02

აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი 14 ივლისს ახალგორის რაიონის მოსაზღვრე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ  ყარაფილას ესტუმრა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა და მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი დაგმო.

თავის კომენტარში აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ადგილი ახლოს მდებარეობს „საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან [აღმოსავლეთ-დასავლეთის] მაგისტრალთან“, რომელსაც „უზარმაზარი სტრატეგიული მნიშვნელობა“ აქვს ქვეყნის ფარგლებს მიღმაც.

„მე კვლავ შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს მეზობლის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის ასეთ უხეშ დარღვევას აქვს ადგილი; ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს შეეგუება საქართველოს სუვერენული საზღვრების ამ ცალმხრივ შეცვლას“, - განაცხადა იან კელიმ და დასძინა, რომ ბორდერიზაციის პროცესი „ხელოვნურად და არაჰუმანურად ყოფს ადამიანებს და უზარმაზარ გავლენას ახდენს გლეხებზე და მათი ოჯახის წევრებზე, იმ ხალხებზე, რომლებიც ორად არიან გაყოფილი“.

ელჩმა კელიმ აღნიშნა, რომ ხალხის გაყოფისკენ მიმართული ეს ცალმხრივი ქმედება ვერ გაგრძელდება  და რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამას არასდროს აღიარებს, ისევე როგორც „არასდროს ვაღიარებდით ბალტიისპირეთის სახელმწიფოების შესვლას საბჭოთა კავშირში“.

კელიმ ასევე განაცხადა, რომ მისი სურვილია „მეტი პროგრესი ვიხილოთ ჟენევის მოლაპარაკებებზე“ და დასძინა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ის არის, რომ მტკიცედ დავრჩეთ ჩვენს პოზიციაზე, ხმა ავიმაღლოთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის რეფორმებს“.     

ბორდერიზაციის თაობაზე შეშფოთება ეუთოში აშშ-ის მისიამაც გამოხატა. 

„ამერიკის შეერთებული შტატები გამოხატავს დიდი ხნის შეშფოთებას, რომ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნების აღმართვა საქართველოს რეგიონების - სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების გასწვრივ ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქეით ბირნსმა 13 ივლისს.

„ამგვარი ნიშნების აღმართვა პირდაპირ და უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ზიანს აყენებს მათ საცხოვრებელ გარემოს, ზღუდავს მათი გადაადგილების თავისუფლებას, და დიდი რისკის ქვეშ აყენებს მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის იმ პირებს, ვისაც სამედიცინო მკურნალობა ესაჭიროებათ“, - განაცხადა მან.

აშშ-ის მისია ასევე მოუწოდებს „რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვადლებულებები, მათ შორის გაიყვანოს საკუთარი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი შესვლა უზრუნველყოს, ასევე გააუქმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილება“.

გასულ კვირას თბილისი იტყობინებოდა, რომ გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიდამოებში „საზღვრის აღმნიშვნელი“ ახალი ბანერი იქნა აღმართული, რასაც ტერიტორიის მახლობლად საქართველოს მოქალაქეების საპროტესტო აქციები მოყვა.

Civil.Ge © 2001-2024