ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირში საქართველოს წევრობის პერსპექტივის შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 25 Jul.'17 / 17:40

ევროპარლამენტის წევრები. ფოტოები: europarl.europa.eu

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტებმა 3 ივლისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მოუწოდებენ ევროპარლამენტს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მიიღოს რეზოლუცია, რომელიც პოლიტიკური მხარდაჭერას ასახავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, სამ ასოცირებულ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა გაუხსნას.
 
Civil.ge ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რამდენიმე წევრს დაუკავშირდა და ბრიუსელში ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე და აღმოსავლელი პარტნიორობის მოლოდინებზე კომენტარი სთხოვა.
 
Civil.ge-ს თხოვნას ექვსი ევროპარლამენტარი გამოეხმაურა, მათ შორის ორი ევროპის სახალხო პარტიიდან და თითო წევრი შემდეგი პოლიტიკური ჯგუფებიდან: ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან; ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან, მწვანეთა/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფიდან და სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან.
 
დევიდ მაკალისტერი, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი (ქრისტიან-დემოკრატები), გერმანია
 
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 2017 წლის 3 ივლისს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტების ერთობლივი განცხადება მიიღო. ჩვენ ცნობად მივიღეთ მათი მოწოდება ევროპარლამენტის მიმართ რეზოლუციასთან და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით ჩვენს საერთო ღირებულებებს, ევროკავშირის მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და ასოცირების შეთანხმებების განხორციელებას, რაზეც ევროპარლამენტი ყოველი შესაძლებლობისთანავე ამახვილებს ყურადღებას.
 
2017 წლის ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებასთან ერთად, საგარეო საქმეთა კომიტეტი ანგარიშს მოამზადებს, რომელიც ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს და რომელშიც უნდა აისახოს რეკომენდაციები საბჭოს, კომისიისა და საგარეო ქმედებათა სამსახურის მიმართ. ამ მომავალი რეზოლუციის შინაარსზე, მათ შორის წევრობის პერსპექტივის საკითხზე, საგარეო საქმეთა კომიტეტში, 2017 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, დებატები გაიმართება.
 
გუნარ ჰოკმარკი, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი (ქრისტიან-დემოკრატები), შვედეთი
 
ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი კომპონენტია.
 
ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას აქვს ეს პერსპექტივა და ეს მნიშვნელოვანია სტაბილურობისა და დემოკრატიის გაძლიერებისთვის. ეს ევროპული პროექტის მნიშვნელოვან ფუნდამენტად რჩება მაშინაც კი, როდესაც არსებობს განსხვავებული შეხედულებები იმის თაობაზე, თუ როდის შეძლებს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას.
 
ურმას პაეტი, ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი, ესტონეთი
 
ბოლო წლებში ევროკავშირი არასტაბილურ გარემოში იმყოფება. ჩვენ ბევრი კრიზისი გამოვიარეთ, მათ შორის ლტოლვილთა კრიზისი, ბრექსიტი, ტერორისტების თავდასხმები და ა.შ. მართალია მთელი ყურადღება ამ პრობლემების მოგვარებისკენაა მიმართული, მაგრამ ჩვენ ვერ დავივიწყებთ ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოს და მის ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. ამ კუთხით, კმაყოფილი ვარ, რომ ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა უვიზო რეჟიმი მოლდოვას, უკრაინისა და საქართველოსთვის. ეს წინგადადგმული ნაბიჯია ურთიერთობების გამყარებისკენ და ასევე - მხარდაჭერის მნიშვნელოვან მორალურ გზავნილს წარმოადგენს.
 
როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2005 წლიდან 2014 წლამდე და ამჟამად უკვე ევროპარლამენტის წევრი, მე ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას შემდგომ პოლიტიკურ ასოცირებას, ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში და ასოცირების შეთანხმებების განხორციელებას. ასევე ბევრი შესაძლებლობა არსებობს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელარუსთან ურთიერთობების განსავითარებლად.
 
ევროკავშირის წევრობის ნათელი პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც დააკმაყოფილებს საჭირო კრიტერიუმებს, შეუძლია მიმართოს ევროკავშირს წევრობისთვის.

ესტონეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობაა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიზნები ამბიციური და პრაქტიკული უნდა იყოს, რომლებიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროკავშირის შემდგომ მხარდაჭერას აღმოსავლელი პარტნიორების მიმართ. ყურადღება უნდა გამახვილდეს მდგრად რეფორმებზე სახელმწიფო სექტორში, სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების განვითარებაზე, ციფრულ საზოგადოებაზე, მეწარმეობასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ასევე ხალხთა შორის კონტაქტებზე. სავსებით ნათელია, რომ ევროკავშირმა მუდმივად უნდა გაამახვილოს ყურადღება სამეზობლოში კონფლიქტების მოგვარებაზე.
 
ანა ფოტიგა, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი, პოლონეთი
 
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებებს ევროკავშირთან და შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი მიიღეს. ეს შედეგები იმედს უნერგავს ამ ქვეყნების მოსახლეობას, რომ მათი ქვეყნები კვლავ მიიღებენ სარგებელს ევროკავშირში ინტეგრაციიდან.
 
ქვეყნებმა, რომლებიც განაგრძობენ რეფორმების განხორციელებას და უფრო ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, ევროკავშირისგან ინტეგრაციის მეტი მექანიზმები უნდა მიიღონ, რათა განაგრძონ ეს პროცესები და მეტი ბერკეტები მოიპოვონ რეფორმებისა და შემდგომი დემოკრატიზაციისთვის. ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საუკეთესო შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ურთიერთობების სტრატეგიული მიზნები განისაზღვროს.
 
რებეკა ჰარმსი, მწვანეთა/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფი, გერმანია
 
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ამ შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ბრიუსელში, ევროკავშირში. ძალიან კარგად მესმის, რომ განსაკუთრებით ასოცირებულ ქვეყნებს სურთ პერსპექტივებზე დასტურის მიღება. წევრობის პერსპექტივა ევროკავშირის ხელშეკრულებებშია განსაზღვრული. ასე რომ იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც წევრობა სურთ, ამის შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ ევროკავშირთან დასაახლოვებლად, წევრობის პერსპექტივასთან დასაახლოვებლად, გარკვეული პროგრესი ორივე მხარეს უნდა განხორციელდეს. ასოცირებულმა ქვეყნებმა ცვლილებები უნდა განახორციელონ კანონმდებლობაში, დაუახლოვდნენ ევროკავშირის კანონებსა და რეგულაციებს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებშია განსაზღვრული. ეს გზა - ჩვენი შეთანხმებების განხორციელება - საუკეთესო გზაა ევროკავშირის მიმართულებით წასასვლელად. მეორე მხრივ, ასევე ბევრი რამ უნდა გაკეთდეს თავად ევროკავშირში. ევროკავშირი, განსაკუთრებით - ბრექსიტის შემდეგ, საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება. ამიტომ, ევროკავშირის წევრები უნდა შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ერთობლივად და ასევე - ჩვენს სამეზობლოსთან ერთად. დებატები „ორსიჩქარიანი ევროპის“ შესახებ მიმდინარე დისკუსიის ნაწილია. ამდენად, ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებს ჩვენი მხრიდან დაპირების მიღება სჭირდებათ, მაგრამ მათ ჩვენი პოლიტიკური პრობლემებიც უნდა დაინახონ.
 
ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას [სამიტამდე]. ჩვენ ყველა ამ საკითხს რეზოლუციაში ავსახავთ და როგორც ინსტიტუტი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს კოლეგებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტებიდან, კარგ გამოსავალს გამოვნახავთ. მაგრამ, მხოლოდ წევრობის პერსპექტივაზე არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. სამიტმა ის პრობლემებიც უნდა განიხილოს, რომლებიც ასოცირების ქვეყნებმა და მეზობელმა ქვეყნებმა უნდა მოაგვარონ: ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის დამყარება, რეფორმები სასამართლო სისტემაში და რთული დებატები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ - ამ თვალსაზრისით სამივე ასოცირებულ ქვეყანაში ვხვდებით პრობლემებს. მხოლოდ წევრობის პერსპექტივის შესახებ საუბარი ვერ დაგვეხმარება ევროკავშირთან დაახლოებაში.
 
როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საუკეთესო მეგობარი, როგორც იმ იდეის ძლიერი მხარდამჭერი, რომ ევროკავშირი გახსნილიყო წევრებისთვის აღმოსავლეთიდან და როგორც ევროპარლამენტარი, რომელმაც ბევრი იბრძოლა უვიზო რეჟიმისა და ასოცირების შეთანხმებებისთვის, მიმაჩნია, რომ ახლა არ არის ზოგადი დისკუსიების დრო, არამედ შეთანხმებათა განხორციელებისა და რეფორმების დროა.

ვიქტორ ბოშტინარუ, სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფი, რუმინეთი
 
უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ის ხაზს უსვამს ამ ქვეყნების ძლიერ ნებას და ერთგულებას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ. ამას გარდა, ის აჩვენებს მათ მზადყოფნას, რომ ითანამშრომლონ და დაეხმარონ ერთმანეთს, რაც ევროპის ძირითად პრინციპს წარმოადგენს. ჩვენ, სოციალისტების და დემოკრატების ჯგუფი, დიდად ვაფასებთ ამ ერთგულებას, რომელიც ორივე მხარისთვის სასარგებლოა, და რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ შესაბამის რეკომენდაციებს ანგარიშში, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე მოამზადებს.
 
მაშინ, როდესაც ცნობად ვიღებთ ამ განცხადებას და იმ ძალისხმევას, რომელიც უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ განახორციელეს, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, დადგა დრო, რომ ევროკავშირმა რეალური და განახლებული დაპირება გააკეთოს. დარწმუნებული ვართ, რომ ესტონეთი, ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობისას, ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს ასოცირების შეთანხმებების და საჭირო რეფორმების განხორციელებაში დასახმარებლად, ასევე მიაღწევს პროგრესს გაყინული კონფლიქტების და სამი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის შენარჩუნების საკითხებზე, და საგრძნობლად დაეხმარება მათ ევროპულ მისწრაფებებს.

Civil.Ge © 2001-2024