მოგერინი: ვწუხვართ საკონსტიტუციო ცვლილებებზე „კონსენსუსის ნაკლებობის გამო“
Civil Georgia, Tbilisi / 28 Jul.'17 / 13:58

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ფედერიკა მოგერინიმ, უპასუხა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ მიმართვას და სინანული გამოთქვა საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის დასკვნით ეტაპზე „ჩართულობისა და კონსესუსის ნაკლებობის გამო“.

32-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 27 ივნისს გაავრცელა ერთობლივი მიმართვა, რომელშიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადადების შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა „მეტად მკაფიო და ძლიერი გზავნილები“ მიაწოდოს „ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას საქართველოში, იმასთან დაკავშირებით, რომ ძალაუფლების კონსოლიდაციისაკენ მიმართული მსგავსი ტენდენციები და მცდელობები შეუთავსებელია დემოკრატიის დასავლურ სტანდარტებთან“.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის სხვადასხვა ეტაპს. ვითვალისწინებდით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოსთვის“ 26 ივლისს გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აწერს. 

„ევროკავშირი მიესალმა საპარლამენტო უმრავლესობის გაცხადებულ მზადყოფნას, გაეზიარებინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მიუხედავად ამისა, უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვერსია მნიშვნელოვან სახეცვლილებებს შეიცავს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მთელი რეფორმის საკვანძო საკითხი იყო“, - აღნიშნავს ფედერიკა მოგერინი. 

„ჩვენთვის ცნობილია, რომ [კონსტიტუციის პროექტში] უკანასკნელი ცვლილებები ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მიერ გამოხატული წინააღმდეგობის მიუხედავად განხორციელდა“, - ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და გამოთქვამს სინანულს „რეფორმის გადამწყვეტ ეტაპზე ჩართულობისა და კონსენსუსის ნაკლებობის გამო“.

„სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, მთავრობასა თუ ოპოზიციასთან შეხვედრებისას, თავიდანვე მხარს ვუჭერდით ინკლუზიური და კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესების წარმართვას“, - აღნიშნავს მოგერინი და დასძენს: „გთხოვთ, დარწმუნებული იყოთ, რომ ვაგრძელებთ დამატებით ძალისხმევას იმის მისაღწევად, რომ რეფორმა ფართო და მყარ კონსენსუსს ეფუძნებოდეს“.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ერთხმად, 115 ხმით, მეორე მოსმენით, 23 ივნისს მიიღო. მესამე და ბოლო მოსმენა 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

Civil.Ge © 2001-2024