საქართველოში მოქმედი არასამთავრობოები ღია წერილით მიმართავენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს
Civil Georgia, Tbilisi / 28 Jul.'17 / 18:53

24 არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს, რომელიც უახლოეს დღეეში საქართველოს  ეწვევა, ღია წერილით მიმართავს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში ამერიკის წვლილზე საუბრობენ და ვიცე-პრეზიდენტის ყურადღებას ამახვილებენ იმ პრობლემებზე, რომლებიც, მათი თქმით, „საფრთხის წინაშე აყენებს უკანასკნელი წლების დემოკრატიულ მიღწევებს“.

საშინაო პრობლემებზე საუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოყოფენ ოთხ ძირითად საკითხს, რომელთა შორისაც დასახელებულია: „ერთპიროვნულად“ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, ხელისუფლების და „სასამართლოს შიგნით არსებული ინტერესთა ჯგუფების“ „არასათანადო გავლენის“ ქვეშ მოქცეული სასამართლო სისტემა, „სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების დაუსჯელობა და ანგარიშვალდებულების არარსებობა“, ასევე - „მედია გარემოს გაუარესება და პლურალიზმის შემცირების მცდელობები“.

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო რეფორმის საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და აღნიშნავენ, რომ „მმართველმა პარტიამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს ფართო კონსენსუსის მიღწევა კონსტიტუციის კანონპროექტთან დაკავშირებით“.

საშინაო პოლიტიკის ძირითადი საკითხების მიმოხილვისას, წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ „სისტემური პრობლემების“ ეს არასრული ჩამონათვალი „ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის მანკიერი პრაქტიკიდან და სახელმწიფო დაწესებულებებზე არაუფლებამოსილი პირების გავლენიდან მოდის“.

წერილის ავტორთა თქმით, სამოქალაქო საზოგადოების „განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მმართველი ელიტის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის ტენდენციები“, რომლებიც მათი აზრით, „მყიფე, თუმცა ფუნქციონირებადი ინსტიტუტების რღვევას იწვევს“. 

არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ თუ ეს ტენდეცია არ შეიცვლება, შესაძლოა მოხდეს „პოლიტიკური პროცესების სრული პარალიზება“, რაც, მათი თქმით, „შემდგომ საფრთხეებს შეუქმნის სტაბილურობას და  დაბრკოლებებს წარმოშობს საქართველოში ძალაუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის საკითხში“.

საშინაო პრობლემების შეჯამებისას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიმართავენ მაიკ პენსს და აღნიშნავენ, რომ „ქართული დემოკრატიის წარმატება აშშ-ისა და დასავლეთის სასიცოცხლო ინტერესებშია“. ისინი ასევე იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოსა და ამერიკის „საერთო ფასეულობების“ - თავისუფლებისა და დემოკრატიის წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, „აშშ გააგრძელებს საქართველოს მიმართ  აქტიურ პოლიტიკურ ჩართულობასა და გრძელვადიან პოლიტიკას“.

საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, წერილის ავტორები მნიშვნელოვან ადგილს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის პრობლემას, ასევე - საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივას უთმობენ. 

წერილში ნათქვამია, რომ „საქართველოს თავისუფლებისკენ სწრაფვა რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმის სამიზნედ იქცა“.  

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდულ საშუალებებს“ და „ანტიდასავლურ პროპაგანდას“ იყენებს და „მუდმივად ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს სახელმწიფოებრიობას საქართველოს ტერიტორიების მუდმივი ოკუპაციითა და მცოცავი ანექსიით, უკანონო სამხედრო კონტინგენტის არსებობითა თუ  სხვა იძულებითი ღონისძიებებით“.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „ანექსიის ეს პოლიტიკა განსაკუთრებით საგანგაშო გახდა 2014 წლიდან, როდესაც რუსეთმა ხელი მოაწერა ოკუპირებულ სუბიექტებთან [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან]  „შეთანხმებათა" წყებას, რომელთა მიზანია ამ სუბიექტების კანონების, პოლიციის, შეიარაღებული ძალების, სოციალური სამსახურებისა და ბიუჯეტების  რუსეთის სისტემაში ინტეგრირება“.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისადმი მიმართვას იმ ღონისძიებების ჩამონათვალით ასრულებენ, რომლებიც მათი აზრით, აუცილებელია საქართველოსა და „მთელი რეგიონის მომავალი განვითარებისათვის“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, გააგრძელოს ძალისხმევა „საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის“ მხარდასაჭერად, ასევე - „საქართველოს თავდაცვისუნარიანობაში ნაკლოვანებების“ აღმოსაფხვრელად. 

გარდა ამისა, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის შესაჩერებლად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები  მიიჩნევენ, რომ „საქართველომ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს  ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი ანექსიის საწინააღმდეგო / დეოკუპაციის სტრატეგია“. ამასთან, წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ „საკითხის სირთულე მოითხოვს დასავლეთის ძალისხმევის კოორდინირებას აშშ-ის ხელმძღვანელობასთან“.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის აუცილებლობაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ეს „მთელი რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებს ემსახურება და სასარგებლო იქნება ალიანსისათვის“. 

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ხელს შეუწყობს საქართველოსათვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების პროცესს“, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ნატოს წევრობამდე მიიყვანს.

Civil.Ge © 2001-2024