2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 1 აგვისტო
Civil Georgia, Tbilisi / 1 Aug.'17 / 17:59

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ. 

მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით
.

კონტექსტი

2008 წლის აგვისტოს ომი იქცა კულმინაციად რუსეთისა და საქართველოს მრავალწლიანი უთანხმოებისა, რომელიც კოსოვოს მიერ 2008 წლის 17 თებერვალს გამოცხადებული დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების შემდეგ გამწვავდა. რუსეთმა დადო პირობა, რომ კოსოვოს საერთაშორისო აღიარებას სათანადოდ უპასუხებდა და, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისათვის საფუძვლის მოსამზადებლად, სხვადასხვა დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმა დაიწყო. 

  • 6 მარტს, რუსეთი áƒ’ამოვიდა დთს-ის 1996 წლის შეთანხმებიდან, რომელიც დსთ-ის წევრებს აფხაზეთთან პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას უკრძალავდა.
  • 21 მარტს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მთავრობას მოუწოდებდა, განეხილა საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობა. 
  • 16 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება რუსეთის ოფიციალური ორგანოების მიერ სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი ურთიერთობების დამყარების შესახებ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერება მოჰყვა, რაც ომის წინანდელ პერიოდში, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო ბაზაზე სამხედროების და ტექნიკის რაოდენობა გაიზარდა. სამხედრო ბაზის აქტიური მშენებლობა დაიწყო ცხინვალის რეგიონში, ჯავაში, რომელიც სამშვიდობო კონტინგენტის სამოქმედოს ზონის მიღმა მდებარეობდა. 

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტები გახშირდა: 

20 აპრილს, რუსეთის ავიაგამანადგურებელმა MIG-29-მ ქართული მხარის მიერ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების მონიტორინგისათვის გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. 

30 მაისს, რუსეთმა აფხაზეთში, ქალაქ ოჩამჩირემდე მიმავალი სარკინიგზო ხაზის შესაკეთებლად, სარკინიგზო ჯარების 400-კაციანი შემადგენლობა შეიყვანა. რკინიგზის შეკეთება 30 ივლისს დასრულდა. 

ივნისის შუა რიცხვებში ცხინვალის რეგიონების სოფლების - კეხვის, ერგნეთის, თამარაშენისა და კოხათის - მახლობლად აფეთქებები მოხდა. ცეცხლი იხსნებოდა სოფლების - სვერის, ფრისის, ზემო ფრისისა და ანძისის  მიმართულებით.
 
2008 წლის ივლისში, სამხრეთ ოსეთის ქართული ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, დიმიტრი სანაკოევზე, თავდასხმის შემდეგ, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. თავდასხმის შედეგად, ექვსი ქართველი პოლიციელი დაიჭრა.
 
8 ივლისს, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის, ვიზიტის წინა დღეს, რუსეთის ოთხმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

15 ივლისს, რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები „კავკასია-2008“ დაიწყო. სამხედრო წვრთნების მონაწილეებს დაურიგდათ ბროშურები, სათაურით „მებრძოლო, იცნობდე შენს მტერს“. ბროშურა შეიცავდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების თაობაზე. 

ამავდროულად, წარუმატებლად დასრულდა აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების უკანასკნელი მცდელობა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ინიციატივით დაიწყო. აფხაზებმა შტაინმაიერის სამშვიდობო გეგმა უარყვეს, ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ - გეგმისადმი გულგრილობა გამოიჩინა. აგვისტოს მოახლოებასთან ერთად, უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა.

24-28 ივლისის პერიოდში ცხინვალის რეგიონში აფეთქებები მოხდა. 

29 ივლისს, ცეცხლი გაიხსნა სოფლების - სვერის, ანძისის, ხეთაგუროვოს, ასევე - ავნევი-ზემო ნიქოზის შემოვლითი გზის მიმართულებით. 1990 წლების შემდეგ პირველად, სარაბუკის სიმაღლეებზე, ქართველი სამშვიდობოების საგუშაგოს ცეცხლი 120-მილიმეტრიანი კალიბრის საარტილერიო დანადგარიდან გაუხსნეს.

1 აგვისტო

  • დილის 08:00 საათზე, პიკაპის ტიპის ავტომანქანა, რომელსაც ქართველი პოლიციელები გადაჰყავდა, დისტანციური მართვით ამოქმედებულ ორ ფუგასურ ყუმბარაზე აფეთქდა. აფეთქების შედეგად, ხუთი ქართველი პოლიციელი დაშავდა. ერთი მათგანი მძიმედ დაიჭრა.                 
  • ინტენსიური სროლები საღამოს დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ქართული სოფლების - ზემო ნიქოზის, ქვემო ნიქოზის, ავნევის, ნულის, ერგნეთის, ერედვისა და ზემო ფრისის დაცხრილვის შედეგად, ექვსი სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი დაშავდა. ცხინვალი ექვსი მოკლული áƒ›áƒ”ბრძოლისა áƒ“ა 15 დაჭრილის შესახებ იტყობინებოდა.

Civil.Ge © 2001-2024