2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 9 აგვისტო
Civil Georgia, Tbilisi / 9 Aug.'17 / 18:46

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.

მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.
 
9 აგვისტო:

  • ქვეყნის მასშტაბით რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვების სერიის შემდეგ, თბილისში სამთავრობო შენობების ევაკუაცია იწყება. 
      
  • დილას რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი, ვლადიკავკაზში ჩადის რუსეთის სამხედრო ქმედებების გასაკონტროლებლად. 
      
  • 09:25 საათზე რუსეთის საჰაერო ძალები ქუთაისის მახლობლად მდებარე კოპიტნარის აეროპორტს ბომბავენ
      
  • 09:50-დან 11:05 საათამდე პერიოდში რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავები ქალაქ გორს და ახლომდებარე სოფელ შავშვებს ბომბავენ
      
  • დაახლოებით 10:00 საათზე 76-ე საჰაერო-სადესანტო ჯარების ფსკოვის დივიზის ქვედანაყოფები როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოდიან
      
  • 9 აგვისტოს დილის საათებში ივანოვოში განლაგებული 98-ე სადესანტო დივიზიის ძალებს საქართველოში აგზავნიან. რუსეთის სამხედრო სარდლობა აცხადებს, რომ ომის ზონაში  (სადესანტო ძალების) 45-ე ცალკეულ სადაზვერვო პოლკსაც გააგზავნის
      
  • დაახლოებით 11:00 საათისთვის რუსეთის 693-ე მოტომსროლელთა პოლკი ჩრდილო-დასავლეთიდან ცხინვალში შედის
      
  • 07:00 საათზე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აფხაზური ძალები კოდორის ხეობის ქვემო ნაწილებში იკრიბებიან. 12:00 საათის შემდეგ ისინი ხეობაში განთავსებული ქართული ძალების წინააღმდეგ შეტევას იწყებენ. ისინი ასევე სთხოვენ საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიას, რომ დაუყონებლივ დატოვონ ტერიტორია. გაეროს სადამკვირვებლო მისია ემორჩილება და ტოვებს ტერიტორიას
      
  • შუადღისას რუსეთის 58-ე არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულევი გადაწყვეტს, რომ გაყვეს 135-ე მოტომსროლელთა პოლკის პირველ ბატალიონს, რომელიც გალუანთას სიმაღლეებს ტოვებს და ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთისკენ მიემართება. ცხინვალის მისადგომებთან რუსული კოლონა შემთხვევით საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ბრიგადის სადაზვერვო ასეულის სამხედროებს ხვდება. შეტაკების შედეგად ორივე მხარემ მსხვერპლი განიცადა. თავად ხრულევი იჭრება და მისი ევაკუაცია ხორციელდება. 135-ე პოლკის პირველი ბატალიონი კვლავ წინ მიიწევს. 
      
  • 13:40 საათიდან 14:40 საათამდე რუსეთის საჰაერო ძალები კოდორის ხეობაში თბილისის მიერ კონტროლირებად სოფლებს ბომბავენ
      
  • რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში „მშვიდობის იძულების“ ოპერაციას ახორციელებენ. 
      
  • საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ბრძანებას ამტკიცებს 15-დღიანი საომარი მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე. 
      
  • დაახლოებით 15:30-საათისთვის რუსეთის 135-ე პოლკის პირველი ბატალიონი ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთის ნაწილს აღწევს და ქართულ ძალებს უპირისპირდება. რუსულმა კოლონამ მსხვერპლი განიცადა, რამდენიმე ჯანშანმანქანა დაკარგა და დაიშალა. 
      
  • პირველი ბატალიონის დამარცხების შემდეგ, რუსეთის საჰაერო ძალებს და არტილერიას იერიში მიაქვთ ქართულ ძალებზე ცხინვალის მიდამოებში, ხოლო რუსეთის სპეცდანიშნულების ძალების სხვადასხვა შენაერთები, რომლებიც მანამდე შევიდნენ ცხინვალში, ასევე აქტიურად უტევენ ქართულ ძალებს. 
      
  • სოხუმის ხელმძღვანელობა საჯაროდ აცხადებს კოდორის ხეობაზე შეტევის შესახებ
      
  • რუსეთის მიერ საქართველოს სანაპიროს საზღვაო ბლოკადა 16:00 საათზე იწყება. 16:40 საათზე რუსეთის საზღვაო ძალები მოლდოვას გემს „ლოტუს - 1“, რომელიც ხორბლით იყო დატვირთული, ფოთის პორტში შესვლის უფლებას არ აძლევს. 
      
  • 16:05 საათიდან 18: 35 საათამდე რუსეთის საჰაერო ძალები ონის რაიონს ბომბავენ
      
  • პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს და ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 
      
  • აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცხინვალის რეგიონში 6 აგვისტოს სტატუს-კვოს დაბრუნებისკენ მოუწოდებს
      
  • დაახლოებით 22:00 საათისთვის (ნოვოროსიისკში განლაგებული) მე-7 საჰაერო-მოიერიშე დივიზიის ძალები აფხაზეთის სანაპიროზე დესანტის გადმოსხმას იწყებენ
      
  • ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე სტუბი აცხადებს, რომ რუსეთი „კონფლიქტის მხარეს წარმოადგენს და არა შუამავალს“. 
      
  • შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი აცხადებს, რომ რუსეთს „არ აქვს სხვა ქვეყნებში შეჭრის უფლება“, დასძენს, რომ ამგვარი პრეცედენტის მიღებას „დამღუპველი შედეგები“ ექნება. 
      
  • 22:20 საათზე რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავები კვლავ ბომბავენ კოდორის ხეობის თბილისის მიერ კონტროლირებად სოფლებს. 
      
  • 22:30 საათისთვის ქართული ძალები ცხინვალიდან უკან იხევენ და ღამეს ქალაქის სამხრეთით ათევენ. 
      
  • 22:30 საათზე დიდი ლიახვის ქართული სოფლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ, ქართული პოლიცია და საქართველოს სამშვიდობო ბატალიონის ძალები დიდი ლიახვიდან ერედვი-ხეითის გზით გამოსვლას იწყებენ; მათ ერედვს 02:00 საათისთვის მიაღწიეს. 
      
  • 23:50 საათზე რუსეთის საჰაერო ძალები სენაკს ბომბავენ. საერთო ჯამში, 9 აგვისტოს რუსეთის საჰაერო ძალებმა საქართველოს წინააღმდეგ 28 თავდასხმა განახორციელა. წინა დღეს 63 თავდასხმა განხორციელდა. ეს კლება სავარაუდოდ იმ დანაკლისმა განაპირობა, რომელიც რუსეთის საჰაერო ძალებს  8 და 9 აგვისტოს მიაყენეს როგორც საქართველოს საჰაერო თავდაცვამ, ისე მეგობრულმა ცეცხლმა.

Civil.Ge © 2001-2024