სოხუმი პუტინის ვიზიტზე გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს
Civil Georgia, Tbilisi / 10 Aug.'17 / 15:19

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც გასულ კვირას თბილისში áƒáƒ¨áƒ¨-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, ვიზიტს და 8 აგვისტოს ბიჭვინთაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ჩასვლას გამოეხმაურა.

სოხუმი მიმართავს „ქართველ პოლიტიკოსებსა“ და „მათ დასავლელ მფარველებს - აშშ-ის, ევროკავშირის, ნატოს და სხვა სტრუქტურების სახით“, რომლებმაც აფხაზეთში პუტინის „ვიზიტი“ გააკრიტიკეს, და აცხადებს, რომ „ვიზიტი მაღალ სახელმწიფოთაშორის დონეზე გაიმართა და წარმატებით ჩატარდა, აფხაზურ-რუსული სტრატეგიული პარტნიორობა კი დინამიკურად განვითარებას განაგრძობს“.

„განსხვავებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, საქართველოში ვიზიტისგან, რომელიც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის საფრთხის შემცველი, ნატოს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ფონზე განხორციელდა, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ცალსახად მშვიდობიან და კონსტრუქციულს ხასიათს ატარებდა და შექმნა დამატებითი გარანტიები აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და მზარდი განვითარებისათვის“, - ნათქვამია სოხუმის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, დაგმო აფხაზეთში პუტინის „ვიზიტი“, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის  მე-9 წლისთავს დაემთხვა,  და მას „ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციის მცდელობა“ უწოდა

პუტინის „ვიზიტი“ გააკრიტიკეს საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტრომ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომლებმაც რუსეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდეს.

Civil.Ge © 2001-2024