თბილისი მოუწოდებს მოსკოვს „შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები“
Civil Georgia, Tbilisi / 11 Aug.'17 / 16:55

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ზუგდიდის რაიონის სოფლების - ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე, აფხაზეთის საოკუპაციო ზოლზე რუსეთის მიერ მავთულხლართების გავლებას და აღნიშნულის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

სამინისტროს ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საოკუპაციო ხაზის ხურჩა-შამგონას პერიმეტრზე მოსამზადებელი სამუშაოები 2017 წლის აპრილში ჩაატარეს და ხის ბოძები დაამონტაჟეს, 9-11 აგვისტოს კი აღნიშნული სეგმენტის 800-900 მეტრიან მონაკვეთზე მავთულხლართები გაავლეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მავთულხლართების გავლება, რასაც წინ ოთხი გამშვები პუნქტის დახურვა უძღოდა, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მეტ იზოლაციასა და სამშვიდობო პროცესების ხელშეშლას ემსახურება. 

„რუსეთის საოკუპაციო ძალების ეს ქმედება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებასა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას“, - ნათქვამია საგარო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას აგრესიული ქმედებების შეწყვეტისა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისკენ მოუწოდებს, საერთაშორისო თანამეგობრობას კი რუსეთის ქმედებებზე სათანადო რეაგირების თხოვნით მიმართავს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და მოახდინოს შესაბამის რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ და აზიანებს როგორც უსაფრთხოების გარემოს, ასევე, საერთაშორისო წესრიგს“, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

Civil.Ge © 2001-2024