ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის ინიციატივით გამოდის
Civil Georgia, Tbilisi / 15 Aug.'17 / 18:58

ვენეციის კომისიის ორგანიზებით 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის განახლებას სთავაზობს. ამ წინადადებით დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, გამოვიდა

„ჩვენი გუნდი მზად არის საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. 

„მნიშნველოვანია, რომ სტრასბურგში შეხვედრამდე კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“, - დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

ქართული ოცნების წინადადებას საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები მალევე გამოეხმაურნენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა რურუას თქმით, ისინი მზად არიან ჩაერთონ დიალოგში, თუკი ქართული ოცნება უარს იტყვის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმებაზე და დაუბრუნდება საკონსტიტუციო ცვლილებების იმ პროექტის განხილვას, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითვალისწინებდა. 

კონსულტაციაზე თანხმობას ევროპული საქართველოს წარმომადგენლებიც აცხადებენ. 

„პროპორციული საარჩევნო სისტემა, [საარჩევნო] სისტემასთან დაკავშირებული დეტალები, როგორებიცაა გადაუნაწილებელი მანდატები და ბლოკების შექმნა, [პირდაპირი] საპრეზიდენტო არჩევნები, - აი ამ საკითხებზე მზად ვართ ვისაუბროთ კონსტრუქციულად, სხვა პარტიებთან ერთად“, - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს 6 სექტემბერს სტრასბურგში შეკრება და სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დიალოგის გამართვა შესთავაზა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღო, ოპოზიციური სპექტრის ძირითად უკმაყოფილებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ნორმები იწვევს.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადის 2024 წლამდე გახანგრძლივებას და  პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლების ჩამორთმევას აპროტესტებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.
 

Civil.Ge © 2001-2024