2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 16 აგვისტო
Civil Georgia, Tbilisi / 16 Aug.'17 / 19:23

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.

მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.
 
16 აგვისტო:

  • 10:30 საათზე რუსეთის საჰაერო ძალები კასპის რაიონის სოფელ ხანდაკის მახლობლად მდებარე ტყეს ბომბავენ, რასაც ხანძარი მოყვა. 
      
  • 12:30 საათზე რუსი სამხედროები კასპის რაიონის სოფელ გრაკალის მახლობლად მდებარე ხიდს აფეთქებენ
      
  • 16:00 საათზე რუსეთი არ აძლევს თურქულ და უკრაინულ თვითმფრინავებს უფლებას, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ და ბორჯომის ტყეებში რუსეთის დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მიიღონ მონაწილეობა.   
      
  • რუსეთის სამხედრო ძალები ცენტრალური საქართველოს მასშტაბით პოზიციებს იმყარებენ
      
  • 18:00 საათზე რუსი სამხედროები ტანკებით და ჯავშანტექნიკით ქალაქ ახალგორში შედიან
      
  • 18:30 საათზე რუსეთის საჰაერო ძალები სურამის გარშემო არსებულ ტყეებს ბომბავენ
      
  • აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და ამ საკითხზე დებატები უადგილოა. 
      
  • გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების შეთავაზებას იწყებენ.

შემდგომი მოვლენები 

  • ომის შემდგომ პერიოდში, რუსეთის სამხედრო ძალები პოზიციებს ინარჩუნებდნენ და საქართველოს ცენტრალურ რეგიონებში გადაადგილდებოდნენ, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალები თბილისიდან ჩრდილოეთით იყვნენ განლაგებული. ახალგორის მუნიციპალიტეტი, რომელიც 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ თბილისის კონტროლს ექვემდებარებოდა, რუსეთის სამხედრო ძალებმა დაიპყრეს. იგივე ბედი ეწია კოდორის ხეობას, რომელიც 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთის ერთადეთი ნაწილი იყო, რომელიც თბილისის კონტროლს ექვემდებარებოდა. ცხინვალის გარშემო მდებარე ქართულ სოფლებში ეთნიკური წმენდა განხორციელდა, მათი სახლები კი განადგურდა, რათა ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას უკან დაბრუნების შესაძლებლობა აღარ ჰქონოდა.   
  • 17 აგვისტოს ოსი მებრძოლები რუს სამხედროებს შეყვნენ ახალგორის მუნიციპალიტეტში, ხოლო მათმა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ მათ „არ უნდა მისცენ უფლება ქართველ ლტოლვილებს, რომელთაც დატოვეს სამხრეთ ოსეთში მდებარე სოფლები, რომ უკან დაბრუნდნენ“ საკუთარ სახლებში. 
      
  • 19 აგვისტოს რუსმა სამხედროები სოფელ გომის მახლობლად მდებარე ქართულ რკინიგზაზე ბეტონის ბლოკები დაალაგეს. 
      
  • 20 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა საჩხერის რაიონის სოფელ პერევის ოკუპაცია განახორციელეს. იმავდროულად, რუსეთმა არ დაუჭირა მხარი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რომელიც საფრანგეთმა მოამზადა. 
      
  • 21 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა საქართველოში საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე გააჩერეს, რომელიც საჩხერიდან თბილისისკენ მოემგზავრებოდა, რასაც საფრანგეთის პროტესტი მოყვა.  თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს სამხედრო ძალების გამოყვანის თაობაზე. 
      
  • 22 აგვისტოს ცხინვალის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში მდებარე ქართული სოფლები „მთლიანად განადგურებულია“. რუსმა სამხედროებმა ქალაქი გორი დატოვეს. 
      
  • 23 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა საგუშაგოების სისტემა ჩამოაყალიბეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიღმა არსებულ ქართულ ტერიტორიაზე.
      
  • 24 აგვისტოს, აშშ-ის სამხედრო ხომალდი USS McFaul ბათუმის პორტში შევიდა
      
  • 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. უამრავმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო ეს ქმედება და ხაზგასმით დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 
      
  • 27 აგვისტოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა მიმდინარეობდა. 
      
  • 28 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის შეიარაღებული ძალები საოკუპაციო ძალადაა გამოცხადებული, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად. 
      
  • Human Rights Watch (HRW)-მა განაცხადა 29 აგვისტოს, რომ გაეროს პროგრამის UNOSAT-ის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური სურათები ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონში მდებარე ქართული სოფლები გადამწვარია. მოსკოვის მიერ ორი რეგიონის აღიარების შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. 
      
  • 1 სექტემბერს ათიათასობით საქართველოს მოქალაქემ თბილისში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ „ცოცხალი ჯაჭვი“ გააკეთა
      
  • 2 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის თვალში პრეზიდენტი სააკაშვილი „აღარ არსებობს“ და მას „პოლიტიკური გვამი“ უწოდა. 
      
  • 6 სექტემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს
      
  • 8 სექტემბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ რუსეთმა ერთი თვის ვადაში უნდა გამოიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიღმა არსებული ტერიტორიიდან. 
      
  • 12 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა ნატო საქართველოს წევრობის წინააღმდეგ გააფრთხილა
      
  • 13 სექტემბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ფოთში ხუთი საგუშაგო გააუქმა. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიღმა არსებული სხვა საგუშაგოები კვლავ ადგილზე რჩებოდა. 
      
  • 17 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა სოხუმის და ცხინვალის ლიდერებთან „თანამშრომლობის და მეგობრობის შესახებ ხელშეკრულებებს“ მოაწერა ხელი. დოკუმენტები ორივე რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების მუდმივ განთავსებას ითვალისწინებდა.  
      
  • 23 სექტემბერს საქართველოში ევროკავშირის პირველი დამკვირვებლები ჩამოვიდნენ.     
      
  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ოფიციალურად პატრულირება 1 ოქტომბერს დაიწყო
      
  • 8 ოქტომბერს რუსი სამხედროები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიღმა არსებულ საგუშაგოებს ტოვებენ. თუმცა, ახალგორის მუნიციპალიტეტი, ცხინვალის გარშემო მდებარე ქართული სოფლები და კოდორის ხეობა, დანარჩენ ტერიტორიებთან ერთად, კვლავ ოკუპირებული რჩება, რითიც ირღვევა 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომლის თანახმადაც რუსული სამხედრო ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე უნდა დაბრუნდნენ.      

Civil.Ge © 2001-2024