ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა განაახლეს
Civil Georgia, Tbilisi / 18 Aug.'17 / 17:44

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან მმართველი პარტიის, ქართული ოცნების, ინიციატივით ორგანიზებულ შეხვედრას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კონსენსუსის მიღწევას ემსახურება. 

შეხვედრის მონაწილეებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, მიმართა. მან ოპოზიციურ პარტიებს „საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა“ კიდევ ერთხელ შესთავაზა და სთხოვა, რომ დაეფიქსირებინათ ის საკითხები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, ისინი ახალ კონსტიტუციას მხარს დაუჭერდნენ.

„მე ვფიქრობ, ჩვენ შორის შედგება შეთანხმება უმთავრესზე: ეს არის ახალი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას და საზოგადოების ყველა წევრისთვის მშვიდობიან თანაცხოვრებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობის შესახებ ერთობლივი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს.

„მოვუწოდებთ მხარეებს, არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული პოზიციებიდან გამომდინარე და გადაწყვეტილება მიიღონ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ პროცესის პოზიტიურად დასრულებაზე აკისრია მმართველ პოლიტიკურ პარტიას. ვიმედოვნებთ, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს კონსენსუსის მისაღწევად“, - აღნიშნავენ არასამთავრობოები.

„პირველ რიგში აუცილებელია კონსენსუსი შედგეს საპარლამენტო საარჩევნო სისტემის გარშემო“, - აცხადებენ სამოქალაქოს საზოგადოების წარმომადგენლები და დასძენენ, რომ „შეთანხმების მიუღწევლობისა და არასამართლიანი საარჩევნო სისტემის შენარჩუნების პირობებში, მივიღებთ ერთი პარტიის მიერ მიღებულ კონსტიტუციას, რაც გააღვივებს პოლიტიკურ დაპირისპირებას, გაზრდის დაძაბულობას პოლიტიკურ პარტიებს შორის, დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, შეაფერხებს ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებას“.  

ხელისუფლების სახელით, ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მსჯელობის განახლება საპარლმენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, რამდენიმე დღის წინ შესთავაზა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღო, ოპოზიციური სპექტრის ძირითად უკმაყოფილებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ნორმები იწვევს.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადის 2024 წლამდე გახანგრძლივებას და  პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლების ჩამორთმევას აპროტესტებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დიალოგის გამართვა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმაც შესთავაზა.

Civil.Ge © 2001-2024