![]() |
|||
აშშ-ისა და საქართველოს ორგანიზებით, 3 სექტემბერს, ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის გახსნის ცერემონია გაიმართა.
3 სექტემბერს სწავლების გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს გლობალური სტაბილურობის და უსაფრთხოების დაცვის საქმეში. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით უდგება საკუთარ როლს გლობალური მშვიდობის გაღრმავების პროცესში“, - აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდანვე ქვეყანა ჩართულია „იმ ღირებულებების განმტკიცებაში, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ცერემონიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხედრო სწავლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. „სწავლებით ჩვენ საქართველოსა და შეერთებული შტატების, ნატოს წევრი ქვეყნების თუ რეგიონული პარტნიორების ურთიერთთავსებადობას კიდევ უფრო ვაძლიერებთ. ჩვენი მიზანია ღირსეული წვლილი შევიტანოთ საერთო ღირებულებების, თავისუფალი საზოგადოებისა და მშვიდობის დაცვის საქმეში“, - განაცხადა იზორიამ. „ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებთან მრავალეროვნული სწავლებებით საქართველო ხდება უფრო სტაბილური და მშვიდობიანი, ხოლო ჩვენი შეიარაღებული ძალები იძენს მეტ პროფესიონალიზმს, ხდება უფრო მტკიცე და თვითდაჯერებული“, - დასძინა მან. „Agile Spirit“ საქართველოში 2011 წლიდან, ყოვეწლიურად ტარდება. თავდაპირველად, წვრთნებში მხოლოდ ორი ქვეყანა - საქართველო და აშშ - მონაწილეობდა. 2015 წლიდან კი სამხედრო სწავლებაში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ. „Agile Spirit“ ტარდება სამი კვირის წინ დასრულებული მასშტაბული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის შემდეგ, რომელიც საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მონაწილეობით გაიმართა. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025