ჯანელიძე მინსკში პრეზიდენტ ლუკაშენკოს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 4 Sep.'17 / 17:53


პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, 4 სექტემბერი, 2017. ფოტო: president.gov.by

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსს სტუმრობს, სადაც მან უკვე გამართა შეხვედრა თავის ბელარუს კოლეგასთან, ვლადიმირ მაკეისთან და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგი ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმებების განხორციელების საკითხი, იტყობინება ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც ასევე შეხვდა ჯანელიძეს 4 სექტემბერს, ხაზი გაუსვა, რომ „ქართველები ჩვენი ძმები არიან“. „ჩვენ შორის არ არსებობს რაიმე საკითხი, რომელიც გვყოფს: თქვენ ნამდვილად გჭირდებით ჩვენ და ჩვენც ნამდვილად გვჭირდებით თქვენ. ჩვენი ეკონომიკა ერთმანეთს კონკურენციას არ უწევს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

იგი ასევე შეეხო ბელარუსის თვითმფრინავის მონაწილეობას საქართველოში ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში და აღნიშნა, რომ მინსკის მყისიერი რეაგირება საქართველოს თხოვნაზე „იმის ნათელი მაგალითია, რომ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ბელარუსების იმედი იქონიოთ“.

ვიზიტის ფარგლებში ჯანელიძემ და მაკეიმ ხელი მოაწერეს საქართველოს და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის 2018-2019 წლების პროგრამას. მინსკში ჯანელიძე ასევე შეხვდება ბელარუსის ეროვნული კრების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარეს მიხაილ მიასნიკოვს და ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ბელარუსთან 2016 წელს 76.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტის მოცულობამ 18.3 მილიონი აშშ დოლარი (20.4 მილიონი აშშ დოლარი 2015 წელს), ხოლო იმპორტის მოცულობამ 57.9 მილიონი აშშ დოლარი (20.7 მილიონი აშშ დოლარი 2015 წელს) შეადგინა.

Civil.Ge © 2001-2024