ათი ოპოზიციური პარტია ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს
Civil Georgia, Tbilisi / 5 Sep.'17 / 18:36

ათმა ოპოზიციურმა პარტიამ ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, ჯანი ბუკიკიოს წერილით მიმართა, სადაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში „კონსენსუსის მიუღწევლობის პასუხისმგებლობას“ ქართული ოცნების ხელისუფლებას აკისრებს.

წერილში პარტიები ვენეციის კომისიას მადლობას უხდიან საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში დახმარებისთვის.

„ცხადი გახდა, რომ იმდენად დიდია ხელისუფლების სურვილი, შეინარჩუნოს მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა, დააკანონოს ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ უსამართლოდ, თავის სასარგებლოდ გადანაწილება და გააუქმოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, რომ ამისათვის ის არ ერიდება სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ყოველგვარი თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის ერთპიროვნულად მიღებასაც კი“, - ნათქვამია ოპოზიცური პარტიების ერთობლივ წერილში.

6 სექტემბერისთვის სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც ვენეციის კომისიის შუამავლობით უნდა გამართულიყო, მას შემდეგ გაუქმნდა, რაც ქართულმა ოცნებამ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები შეწყვიტა და საკონსტიტუციო რეფორმაზე დიალოგს „აზრს მოკლებული“ უწოდა.

2 სექტემბერს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც „დიალოგის გაგრძელების პასუხისმგებლობა ქართულ პარტიებს“ დააკისრა, ხოლო საქართველოს პარლამენტს მოუწოდა „კონსტიტუციის სახეცვლილი პროექტის დამტკიცებამდე, მასში შეიტანოს ცვლილებები კომისიის მოსაზრების და ქართულ პარტიებთან დიალოგის შედეგების გათვალისწინებით“.

დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე და აღნიშნა, რომ „ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე“.

საშემოდგომო სესია მუშაობას 6 სექტემბერს დაიწყებს.

Civil.Ge © 2001-2024