აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ტალინში შეიკრიბნენ
Civil Georgia, Tbilisi / 8 Sep.'17 / 18:34

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 8 სექტემბერს ტალინში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

არაოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გაიმართა და რომელსაც ასევე დაესწო ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, განხილულ იქნა რიგი პრაქტიკული ნაბიჯები, მათ შორის აღმოსავლეთ სამეზობლოში მედეგობის გაუმჯობესება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გზით.

შეხვედრა ბრიუსელში 24 ნოემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტამდე დაახლოებით ორი თვით ადრე გაიმართა. სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მთავრობის და სახელმწიფოს მეთაურები შეიკრიბებიან, სადაც რიგის ბოლო სამიტის შემდეგ მიღწეულ შედეგებს და ინიციატივის სამომავლო პერსპექტივებს განიხილავენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა 8 სექტემბერს, რომ სამუშაო შეხვედრა საშუალებას მისცემს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რომ სამომავალო ნაბიჯები „გახსნილ არაფორმალურ დიალოგში განიხილონ“.

 

„დღეს უკვე რეალობაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში  ჩვენ გვაქვს განვითარების და ინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე. შესაბამისად, ასოცირებული ქვეყნების ერთობა, საერთო  პოზიცია  არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენ საერთო ინტერესი გვაკავშირებს. ეს არის უფრო მეტი, ღრმა ინტეგრაცია ევროკავშირთან”, - განაცხადა მინისტრმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა, რომელმაც ევროკავშირის საბჭოს ესტონური თავმჯდომარეობის სახელით უმასპინძლა მინისტერიალს, განაცხადა 8 სექტემბერს პრესისთვის გაკეთებულ კომენტარში, რომ იგი იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი „მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების და ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან სამთან“. „ასევე ვიმედოვნებთ დეკლარაციის მიღებას, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს წინ არსებულ გზას იმ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის თვალსაზრისით, რომელიც ევროკავშირს გააჩნია ექვს მნიშვნელოვან პარტნიორთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, - აღნიშნა მან.

სვენ მიკსერმა აღმოსავლეთ პარტნიორობის და მომავალი სამიტის შესახებ 6 სექტემბერსაც ისაუბრა. საინფორმაციო ვებგვერდის Euobserver-ს ინფორმაციით, მიკსერმა განაცხადა, რომ სწორედ გამოყენების შემთხვევაში, ინიციატივა შესაძლოა გახდეს საშუალება „პოლიტიკური სტაბილურობისა და დადებითი მუხტისთვის ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში“. მისი თქმით, იგი უზრუნველყოფს, რომ ესტონეთის თავმჯდომარეობისას აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში კვლავ მნიშვნელოვან საკითხად დარჩეს.

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში ჯანელიძემ რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა თავის კოლეგებთან ევროკავშირიდან, მათ შორის ავსტრიიდან, ხორვატიიდან და ირლანდიიდან. მან ასევე გამართა სამმხრივი შეხვედრა მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

აღმოსავლეთ პარტნიორობა 2009 წელს ჩამოყალიბდა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ექვს პარტნიორ ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) შორის პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. 

 

Civil.Ge © 2001-2024