რუსეთი სოხუმში საბაჟო პუნქტს გახსნის
Civil Georgia, Tbilisi / 21 Sep.'17 / 18:36

რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის ვლადიმირ ბულავინის მიერ 12 სექტემბერს გამოცემული ბრძანების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახური ოკუპირებულ აფხაზეთში ახალ სპეციალურ საბაჟო პუნქტს გახსნის.

ახალი პუნქტი, რომელიც სოხუმში განთავსდება, ფედერაციის საბაჟო სამსახურის კუთვნილება იქნება და მისი საშტატო განრიგიც (ხუთი ადამიანი) ბულავინის ბრძანებით áƒ£áƒ™áƒ•áƒ” განისაზღვრა.  საბაჟო პუნქტის იურისდიქციაში მთელი აფხაზეთი შევა.

ბრძანება, რომელიც 1 ნოემბერს შევა ძალაში, აკონკრეტებს, რომ გადაწყვეტილება აფხაზეთში სპეციალიზირებული საბაჟო პუნქტის გახსნის თაობაზე ეფუძნება სოხუმის ხელისუფლებასთან მოსკოვის 2010 წლის ოქტომბრის „შეთანხმებას საბაჟო საკითხებში თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების თაობაზე“.

შეთანხმების თანახმად, რუსეთს ენიჭება უფლებამოსილება, რომ „სპეციალიზირებული საბაჟო ორგანო“ ჩამოაყალიბოს, რომლის მიზანიც იქნება „აფხაზეთიდან ან მისი გავლით რუსეთში საქონელსა და (ან) სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო რეგისტრაციის და კონტროლის განხორციელება“. „სპეციალიზირებულ საბაჟო ორგანოს“ ასევე ექნება უფლება, რომ საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული კანონდარღვევების აღმოჩენისა და აღკვეთისკენ მიმართული ღონისძიებები განახორციელოს.

შეთანხმების თანახმად, საბაჟო პუნქტი რუსეთის ფედერაციის საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით განახორციელებს საბაჟო რეგისტრაციას და კონტროლს.

ამას გარდა, „სპეციალიზირებულ საბაჟო სააგენტოს“ იგივე სტატუსი ექნება, რაც დიპლომატიური მისიებისთვისაა გათვალისწინებული ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.  საბაჟო პუნქტის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახებისთვის სტატუსს და იმუნიტეტს ასევე ვენის კონვენცია განსაზღვრავს.

საბაჟო პუნქტის შექმნის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბება - კიდევ ერთი სტრუქტურის, რომელიც აფხაზეთში რუსეთის უშიშროების თანამშრომლების მუდმივ განთავსებას ითვალისწინებს.

Civil.Ge © 2001-2024