პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების წინააღმდეგ გამოდის
Civil Georgia, Tbilisi / 25 Sep.'17 / 19:57

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, უარით უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვას, 26 სექტემბერს დანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღება იგეგმება.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მიდვანმა, ანა დოლიძემ 25 სექტემბერს განაცხადა, რომ რიგგარეშე სხომის მოწვევაზე უარის თქმა პრეზიდენტის მხრიდან „პოლიტიკური აქტია“.

„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, რომ არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა, იმიტომ, რომ პირველ რიგში კონსტიტუციის პროექტს აქვს არაერთი ხარვეზი, მათ შორის მთავარი არის ის, რომ ეს არ არის თანხმობის დოკუმენტი... მასში არ არის გათვალისიწნებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები“, - განაცხადა ანა დოლიძემ ბრიფინგზე.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართ „უპატივცემულობად“ შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომის არ დანიშვნასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ეს ქმედება „კონსტიტუციას არ შეესაბამება“.

„რაც შეეხება არდანიშვნას, ეს მოსალოდნელი იყო... სხდომის არდანიშვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ბუნებრივია, ეს ასევე არის პარლამენტის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება. როცა პარლამენტი მოითხოვს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, პრეზიდენტმა ეს სხდომა უნდა დანიშნოს. თუმცა, ამას მიჩვეული ვართ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, თუ პრეზიდენტმა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში რიგგარეშე სესიის მოწვევის აქტი არ გამოსცა, პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში.

ირაკლი კობახიძის თქმით, რიგგარეშე სხდომა დაგეგმილ დროს, 26 სექტემბერს გაიმართება.

„იურიდიულად ჩვენ გვაქვს სრული უფლება, პარლამენტი არის უფლებამოსილი, რომ 14:01 სთ-ზე დაიწყოს პლენარული სხდომა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღესვე ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კონსტიტუციის პროექტის ის საბოლოო ვერსია წარმოადგინა, რომლის მესამე მოსმენით მიღებაც იგეგმება 26 სექტემბერს, რიგგარეშე სხდომაზე.

როგორც კობახიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, კონსტიტუციის პროექტში „ზედმიწევნით გათავლისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები“, ასევე არ არსებობს არც ერთი მუხლი, რომლითაც მმართველი პარტია ახალ დოკუმენტში „იმჯობესებს თავის სუბიექტურ პოზიციებს“.

პარლამენტის თავმჯდომარე „მიზანშეწონილად“ მიიჩნევს დოკუმენტის 26 სექტემბერს რიგგარეშე სხდომაზე მიღებას, რათა აღარ მოხდეს „ვაჭრობა, სპეკულირება“ ამ საკითხთან დაკავშირებით.

„მიზანშეწონილია, რომ ხვალ მივიღოთ მესამე მოსმენით შესაბამისი დოკუმენტი. ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ არაჯანსაღი ფორმით წარიმართება დისკუსია საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. კოსნტიტუცია უნდა იყოს ის დოკუმენტი, რომელთან დაკავშირებითაც არ ვაჭრობენ, არ სპეკულირებენ, არ მანიპულირებენ, სამწუხაროდ სრულიად სხვა მოვლენებს ვაკვირდებით ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც ბუნებრივია არის მიუღებელი ჩვენთვის და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მე პირადად მიზანშეუწონლად მეჩვენება მოსმენის გადავადება“, - განაცხადა იუსრიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ.

რიგგარეშე სხდომის დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კანონის მიხედვით პარლამენტმა სასესიო სხდომები თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შეწყვიტა.

Civil.Ge © 2001-2024