პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს მის წინადადებაზე კონსულტაციის გამართვას სთავაზობს
Civil Georgia, Tbilisi / 27 Sep.'17 / 18:12

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას და ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც საკონსტიტუციო საკითხებში იყვნენ ჩართულები, 28 სექტემბერს კონსულტაციის გამართვას სთავაზობს.

გიორგი მარგველაშვილის ეს ინიციატივა დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ გააჟღერა.

„ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტი, მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილველად ქართულ ოცნებას და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ 16 :00 საათზე სთავაზობს კონსულტაციების გამართვას პრეზიდენტის სასახლეში“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე.

რამდენიმე საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან პრეზიდენტის მხრიდან მესამე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციაზე შესაძლო ვეტოს გამოყენების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას კონსტიტუციური კანონის პროექტის მხოლოდ იმ ნაწილებზე გამოიყენებს, რომლებიც ბონუსის სისტემის გაუქმებას და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას ეხება.

„ჩვენი შეთავაზებაა, რომ ამ ორი ნაწილის მიმართ გამოიყენოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში გამოავლენს კონსტრუქციულ პოზიციას და სწორედ ასეთი ფორმით გამოიყენებს ვეტოს უფლებას, თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

21 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება გავრცელდა მმართველი გუნდის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება. ეს ცვლილები კონსტიტუციის პროექტში იმ მიზეზით ვერ აისახა, რომ საკითხი უკვე მესამე მოსმენით იყო წარდგენილი პარლამენტში და ასეთ შემთხვევაში მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი. ქართული ოცნების ახალი ინიციატივა პარლამენტს უახლოეს მომავალში უნდა განეხლა, თუმცა პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების შემთხვევაში დეპუტატებს შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მიეცემა.

პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი მესამე მოსმენით 26 სექტემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო და დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნა. მოქმედი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტმა ათი დღის ვადაში უნდა მოაწეროს პროექტს ხელი ან ვეტო დაადოს და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნოს.

Civil.Ge © 2001-2024