არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №5
Civil Georgia, Tbilisi / 10 Oct.'17 / 14:32

2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს პირდაპირი წესით აირჩევენ. 

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, Civil.ge გთავაზობთ ყოველკვირეულ მიმოხილვას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის, მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების, საარჩევნო პროცედურებისა და საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

მიმოხილვის მეხუთე გამოცემაში 2-8 ოქტომბრის კვირაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გაგაცნობთ.

ბრძოლა თბილისის მერობისთვის - კალაძე ცენტრალურ ხელისუფლებასთან „კარგი ურთიერთობის“ გამოყენებას აპირებს; ელისაშვილი ამომრჩევლის მოზიდვას თბილისის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნის დემონსტრირებით, ასევე - ხელისუფლების კანდიდატის მთავარ კონკურენტად თავის წარმოჩენით ცდილობს; არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თბილისის მერობის კანდიდატთა რეიტინგებს აქვეყნებს: 

  • ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებების წარდგენას განაგრძობს. 3 ოქტომბერს, მან ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ყურადღება ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე, ასევე - „ღამის ეკონომიკის“ განვითარებაზე გაამახვილა. კალაძის თქმით, იმ მრავალმილიონიანი ინვესტიციების მოზიდვა, რასაც აღნიშნული პროექტების განხორციელება მოითხოვს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან „კარგი ურთიერთობის“ გარეშე შეუძლებელი იქნება. „ზუსტად აქ არის ჩვენი დიდი პლუსი, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, და შესაბამისად, [ცენტრალური ბიუჯეტიდან] შესაძლებელია უფრო მეტი თანხების წამოღება“, - განაცხადა კალაძემ. 
     
  • თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, გასულ კვირას ამომრჩევლის წინაშე თბილისის ისტორიის მკვლევარის რანგში წარსდგა. 6 ოქტომბერს, მან თავისი წიგნის „თბილისის თავგადასავლის“ პრეზენტაცია გამართა. 8 ოქტომბერს კი, თბილისობის დღესასწაულზე, მან გუდიაშვილის მოედანზე ქალაქური დღესასწაულების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა, შემდეგ კი მონაწილეებისთვის ისტორიულ უბანში ექსკურსია მოაწყო. გასულ კვირას, ელისაშვილმა კახა კალაძე პირისპირ დებატებშიც გამოიწვია, თუმცა კალაძემ ეს წინადადება უარყო და დებატების პირობად მერობის ყველა კანდიდატის მონაწილეობა დაასახელა. 
     
  • ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა თბილისის მერობის კანდიდატთა რეიტინგები გამოაქვეყნა. გამოკითხვამ, რომელიც ტელეკომპანიის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა“ 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში ჩაატარა, შემდეგი სურათი გამოკვეთა: მმართველი პარტიის, ქართული ოცნების კანდიდატის, კახა კალაძის სასარგებლოდ ხმის მიცემას რესპონდენტთა 39% აპირებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს, და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს, მხარს გამოკითხულთა თანაბარი რაოდენობა 14%-14% უჭერს, ევროპული საქართველოს კანდიდატს, ელენე ხოშტარიას რეიტინგი 5%-ს შეადგენს, სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების - თენგიზ შერგელაშვილს, გიორგი ვაშაძეს, კახა კუკავას, ირმა ინაშვილის და გიორგი გუგავას რეიტინგები კი 1%-დან 2%-მდე მერყეობს. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 39%-ს აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „ედისონ რისერჩი“ ამომრჩეველთა აზრის კვლევას - ე.წ. ეგზიტპოლს თბილისში და ქუთაისში არჩევნების დღეს, 21 ოქტომბერსაც ჩაატარებს.

კანდიდატთა წარდგენა - პარტიები და საარჩევნო ბლოკები თბილისსა და რეგიონებში მერობის და საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენას განაგრძობენ:

  • გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა შიდა ქართლის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მერობის კანდიდატები წარადგინა. გორში გამართულ მიტინგზე, მხარდამჭერებისადმი მიმართვისას, კვირიკაშვილმა ყურადღება ოკუპაციის პრობლემაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ „ჩვენი თაობის ვალია, მშვიდობიანად გავაერთიანოთ ქვეყანა“. 
     
  • კანდიდატების წარდგენას ოპოზიცური პარტიებიც აქტიურად განაგრძობენ: ევროპულმა საქართველომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში - დუშეთში, ყაზბეგსა და ბოლნისში მერობის კანდიდატების პრეზენტაცია გამართა. თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ, „ახალი საქართველოს“ ვაზისუბანსა და ნაძალადევში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. საარჩევნო ბლოკმა „დემოკრატიულმა მოძრაობამ - თავისუფალმა საქართველომ“ ამომრჩეველს იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში მერობის და საკრებულო თავმჯდომარეობის კანდიდატები გააცნო. შენების მოძრაობამ ფოთში, ზუგდიდსა და ქუთაისში მაჟორიტარი კანდიდატების პრეზენტაცია გამართა.

საქართველოს ყოფილი ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიაში - ოპოზიციური პარტიები ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სამშენებლო კომპანიებისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემას აპროტესტებენ; ქართული ოცნების ლიდერები ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის შეტევებისგან იცავენ; ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი, ამომრჩეველს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთა მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:

  • გასული კვირა დაიწყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ თბილისის მერიასთან გამართული აქციით, რომელზეც ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სამშენებლო კომპანიებისთვის თბილისში, პუშკინის სკვერის და ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად გადაცემა გააპროტესტეს. აქცია ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე აქტივისტის ადმინისტრაციული დაკავებით დასრულდა. ერთი დღით ადრე კი, მიწის ნაკვეთების საკითხზე საპროტესტო აქცია ევროპული საქართველოს ლიდერებმაც გამართეს.
     
  • 3 ოქტომბერს, ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს, რომ მიწის ნაკვეთები ივანიშვილის კერძო პროექტის „პანორამა თბილისის“ ინტერესებს მოემსახურება, ქართული ოცნების ლიდერებმა უპასუხეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს „უდიდესი უსამართლობა“ უწოდა და განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთები საზოგადოებრივ ინტერესებს, კერძოდ, ქალაქის ცენტრში პარკინგის მოწყობას და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებას მოხმარდება. კვირიკაშვილმა თანაგუნდელებსაც მიმართა: „ცოტა თამამად ვუთხრათ სიმართლე ჩვენს მოსახლეობას. ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს. ეს არის უდიდესი უსამართლობა“. ივანიშვილის დასაცავად, განცხადება ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემაც, გააკეთა და ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თბილისის მერია ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისათვის პუშკინის სკვერთან არსებული მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემას დათანხმდა
     
  • ადგილობრივ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, საქართველოს კიდევ ერთი ყოფილი ლიდერი გააქტიურდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატზე, ზაალ უდუმაშვილზე, ისაუბრა და საქართველოს მოქალაქეებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ზალიკო არის ძალიან წესიერი ადამიანი, უსაშველოდ უყვარს თავისი ქვეყანა და ამის გამო ბევრ რაღაცას არ კადრულობს. დადგა დრო, რომ ეს თავშეკავება, ეს წესიერება, ეს სიყვარული დაფასდეს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მან ასევე მოქალაქეებს ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, მხარდაჭერისკენაც მოუწოდა. სააკაშვილმა ყურადღება ნაციონალური მოძრაობის ყოფილ ლიდერებზეც გაამახვილა, რომლებიც პარტია ევროპულ საქართველოში გაერთიანდნენ, და ისინი ივანიშვილის სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.

არჩევნების მონიტორინგი და აღმოჩენილი დარღვევები - მმართველ პარტიას საბავშვო ბაღების თანამშრომლებისა და სკოლის მასწავლებლების საარჩევნო აგიტაციისთვის გამოყენებაში, ასევე - ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ; ევროპული საქართველო ძალადობისა და მუქარის ფაქტების შესახებ იტყობინება; ნაციონალური მოძრაობა კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ საუბრობს; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა:

  • გასულ კვირას, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საარჩევნო დარღვევების შესახებ რამდენიმე ინფორმაციაა გაავრცელა. ტელეკომპანიის მონაცემებით, თბილისის საბავშვო ბაღების დირექტორები ქართული ოცნების სასარგებლოდ საარჩევნო აგიტაციას აწარმოებენ და მმართველი პარტიის მხარდამჭერთა სიებს ადგენენ. გარდა ამისა, გაავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ქართული ოცნების საარჩევნო შეხვედრას საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ, რასაც სასწავლო პროცესის ჩაშლა მოჰყვა. მმართველმა პარტიამ აღნიშნული ფაქტები უარყო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბაღების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“ უწოდეს და დარღვევების გამოძიება მოითხოვეს
     
  • გასულ კვირას ასევე აქტუალური იყო ინფორმაცია დმანისის მუნიციპალიტეტში ეთნიკურად აზერბაიჯანელ ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ, რაშიც შენების მოძრაობის წარმომადგენლები მმართველი პარტიის კოორდინატორებს ადანაშაულებენ. კერძოდ, დმანისის მოქმედი გამგებლის და ადგილობრივ არჩევნებზე შენების მოძრაობის მერობის კანდიდატის თქმით, ქართული ოცნების კოორდინატორები მოქალაქეებს აიძულებენ ყურანზე დაიფიცონ, რომ არჩევნებზე ხმას მმართველ პარტიას მისცემენ. ბრალდება განიხილეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიის სხდომაზე, რომლის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა: „აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ადამიანი დააფიცო ყურანსა თუ ბიბლიაზე იმისათვის, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა წინასწარ მოიპოვო. ყველამ უნდა გავიგოთ - პოლიტიკოსებმა, პარტიებმა - რომ ამომრჩეველი მხოლოდ ურნასთან აკეთებს თავისუფალ არჩევანს“. 
     
  • 5 ოქტომბერს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტიის საკრებულოს წევრობის რამდენიმე კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ოპოზიციურმა პარტიამ მიზეზად ხელისუფლების მხრიდან კანდიდატებზე ზეწოლა დაასახელა.
     
  • გასულ კვირას, ევროპული საქართველო ძალადობის ფაქტების და სხვადასხვა საარჩევნო დარღვევის შესახებ იტყობინებოდა. პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პარტიის სარეკლამო პლაკატების ჩამოხევის, ასევე ბოლნისში ევროპული საქართველოს მხარდამჭერებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. 
    გარდა ამისა, პარტიის ინფორმაციით, 8 ოქტომბერს თელავის შტაბს შეიარაღებული პირი დაესხა და პარტიის აქტივისტებს წინასაარჩევნო საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. ჩხრეკისას პლასტმასის მას სათამაშო იარაღი აღმოაჩნდა. áƒ’ამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო.
     
  • თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ, რომელსაც საარჩევნო პერიოდში დარღვევების შესწავლა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ევალება, 2 ოქტომბერს შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 30 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში, კომისიამ 43 საკითხი განიხილა. კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის 11 საქმეზე დაიწყო.

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა: 

ცესკო ამომრჩეველთა სიის დაზუსტებაზე მუშაობას განაგრძობს. 6 ოქტომბერს, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს 3 496 461 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემები გადასცა. მონაცემების დამუშავების შემდეგ, რამდენიმე დღეში ცესკო ამომრჩეველთა საბოლოო სიებს გამოაქვეყნებს.

Civil.Ge © 2001-2024