საქართველოს ლიდერები საზოგადოებას ადგილობრივ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებენ
Civil Georgia, Tbilisi / 20 Oct.'17 / 10:52

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს ლიდერებმა - პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა - განცხადებები გააკეთეს და საზოგადოებას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნების შესახებ, 19 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც მოწმობს იმას, რომ ქართული ოცნების სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ „ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“.

კვირიკაშვილმა სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებასაც მიმართა. „ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ ეს იყოს ნამდვილად კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებულ იქნას სიტყვა, რასაც წარსულში, გაყალბებული, ძალადობრივი არჩევნები ერქვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„მინდა, მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ საბაბი არავის, თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენების თაობაზე“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

მან ასევე მიმართაა სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ პრევენციით აღკვეთონ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინება, „რათა არავის მიეცეს საბაბი, თქვას, რომ რაიმე ჩრდილი მიადგა ამ არჩევნებს“.

ადგილობრივი არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ საზოგადოებას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მოუწოდა

„სულ ორ დღეში ჩვენ - საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი უფლებების გასაღრმავებლად, გავაძლიეროთ ქართული დემოკრატია“, - თქვა პრეზიდენტმა.

„მოგიწოდებთ ყველა მოქალაქეს, იყოთ აქტიურნი, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, მოიხადოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი და წვლილი შეიტანოთ დემოკრატიის გაღრმავებაში; თქვენი ქალაქებიდან, სოფლებიდან, რაიონებიდან, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესში, ნაბიჯი გადადგათ უფრო გაღრმავებული პლურალიზმის და დემოკრატიის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024