სვანტე კორნელი: მოსკოვის მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაა
Civil Georgia, Tbilisi / 29 Oct.'17 / 18:24


სვანტე კორნელი. ფოტო: კადრი აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაში (ADA University) გამართული ლექციის ვიდეოჩანაწერიდან

Civil.ge სტოკჰოლმში მდებარე უსაფრთხოების და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს, სვანტე კორნელს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების, უკრაინის ომის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ შვედეთის პოლიტიკის შესახებ ესაუბრა. 
 
1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს თითქმის ყველა მთავრობა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობდა, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თქვენი აზრით, საერთოდ შესაძლებელია თუ არა მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზება ისე, რომ საქართველოს სუვერენიტეტს ზიანი არ მიადგეს?

პრინციპში, ეს შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ეს თავისთავად ვერ მოხდება. პრობლემა ზუსტად ის გახლავთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში მოსკოვის მთავარ მიზანს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრა წარმოადგენს და, თუ საქართველო მხოლოდ საკუთარი ძლებით იმოქმედებს, ცხადია, ძალთა ბალანსი მის სასარგებლოდ არ იქნება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქართული ოცნების მთავრობამ მიზნად პრაქტიკულად შეუძლებელი დაისახა, როდესაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციას სააკაშვილის დროინდელი რიტორიკის შერბილებით და მხარეებს შორის ნდობის აღდგენით შეეცადა. ახლა უკვე ნათელია, რომ ისინი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სააკაშვილის ფაქტორს გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ცალსახაა, რომ სააკაშვილის მიდგომაში პრობლემები ნადვილად არსებობდა. თუმცა, მთავარი პრობლემა უფრო ღრმად დევს და ეს პრობლემა პირველ რიგში რუსეთის ამბიციებს, და არა საქართველოს პოლიტიკას უკავშირდება. შევარდნაძემაც იგივე გამოსცადა: 90-იან წლებში მან თითქმის ყველაფერი შესთავაზა რუსეთს, რაც მოსკოვს სურდა, თუმცა ეს არასდროს იყო საკმარისი და მოსკოვს შემხვედრი ნაბიჯები არ გადაუდგამს. იგივე დაემართა ქართული ოცნების მთავრობასაც. რუსეთი დათმობებს სისუსტედ აღიქვამს და შესაბამისად რეაგირებს მათზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ სუვერენიტეტის დაკარგვის გარეშე საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მხოლოდ ორი გზა არსებობს: პირველი - თუ, სრულიად მოულოდნელად, რუსეთის სათავეში ნორმალური, არაიმპერიული ხელისუფლება მოვა, და მეორე - თუ საქართველოს ექნება უსაფრთხოების და თავდაცვის მტკიცე გარანტიები, როგორიც, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებს აქვთ. ბალტიის ქვეყნებმა სწორედ ასე შეძლეს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება. áƒ›áƒáƒ¡ შემდეგ რაც ეს ქვეყნები ნატოს წევრები გახდნენ, მოსკოვი მიხვდა, რომ თამაში დასრულებულია.
 
რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი ძალები კვლავ განაგრძობენ ტერიტორიების მიტაცებას საქართველოს საოკუპაციო ხაზზე. áƒ áƒáƒ’ორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ქართული პოლიტიკა ამ ქმედებების საპასუხოდ?

საქართველოს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის მხოლოდ დიპლომატიური საშუალებების და დასავლეთის სიტყვიერი მხარდაჭერის მობილიზებას ახერხებს, თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც გარკვეული ბუფერის როლს ასრულებს. თუმცა ეს მისია ძირითადად იმითაა ღირებული, რომ შესწევს უნარი, გააბათილოს რუსეთის ბრალდებები ქართული „პროვოკაციების“ შესახებ. ამასობაში, რუსეთი ადგილზე ცალმხრივ ქმედებებს ახორციელებს, საქართველოს კი არ შეუძლია სამაგიეროს გადახდა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: უნდა განათავსოს თუ არა საქართველომ თავდაცვის გარკვეული ძალები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე. ეს, რა თქმა უნდა, სახიფათო იქნება, და ბევრმა შესაძლოა ეს განიხილოს როგორც პოლიტიკა, რომელიც რუსეთის „გაღიზიანების“ რისკებს შეიცავს. თუმცა, თუ ქვეყანა საკუთარ საზღვარს არ იცავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი როგორც სახელმწიფოს ლეგიტიმურობა შერყეულია. რა თქმა უნდა, საჯარისო შენაერთების საზღვარზე განთავსება რუსეთის შესაჩერებლად, შესაძლოა ესკალაციის მიზეზი გახდეს და რუსეთს ახალი კონფრონტაციისკენ უბიძგოს. საზღვარზე უიარაღო სამხედრო ძალების განთავსებაც კი რუსეთს აიძულებს, უფრო აგრესიული ნაბიჯები გადადგას, ვიდრე მხოლოდ ღობეების გადაწევა ან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შესვლაა. ასეთ შემთხვევაში, ქართული შენაერთები პოტენციურად საფრთხის წინაშე იქნებიან და საკუთარი თავის დაცვას ვერ შეძლებენ. ამდენად, როგორც ხედავთ, არცერთი ვარიანტი მომხიბვლელი არ არის. თუმცა რაღაც მომენტში საჭიროა მათი განხილვა, თუ არ გვინდა, რუსეთს მივცეთ საშუალება, ცალმხრივად გადაწყვიტოს, კიდევ სად და როგორ დაარღვიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.   

თქვენ, საქართველოს დიდ მეგობართან, იოანა პოპიანევსკისთან ერთად, ხართ იმ დოკუმენტის თანაავტორი, რომელიც 2009-2011 წლებში რუსეთის მიერ საქართველოში აფეთქებების კამპანიის ორგანიზებას ეხება. მას შემდეგ, რიგ სხვა ინცინდენტებსაც ჰქონდა ადგილი, მათ შორის უკრაინაშიც, რაც, როგორც ჩანს, სათავეს რუსეთში იღებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად საკმარისია ის ყურადღება, რასაც ამ საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობა უთმობს? 

არა. და ეს ეხება რუსეთის მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებას, რომელთან კავშირსაც მოსკოვი არადამაჯერებლად უარყოფს. რა თქმა უნდა, მსგავს ინცინდენტებთან რუსეთის ოფიციალური პირების კავშირის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ, მეორე მხრივ, ყველა აცნობიერებს (უნდა აცნობიერებდეს), რომ ამის უკან რუსები დგანან. დღევანდელ მედიას და დასავლელ პოლიტიკოსებს კი, ხშირად კარგად არ ესმით რუსული მეთოდები. მათ არ სურთ, კონკრეტული მტკიცებულების გარეშე, რუსეთს ბრალი დასდონ ისეთი ქმედებებისთვის, როგორიც წითელუბნის დაბომბვა, ან თქვენ მიერ ნახსენები აფეთქებების კამპანიაა, რომელთა უკანაც, რასაკვირველია, სწორედ მოსკოვი იდგა.

შვედეთი, პოლონეთთან ერთად, აქტიურად უჭერდა მხარს აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩამოყალიბებას. როგორ შეაფასებდით შვედეთის დღევანდელ პოლიტიკას აღმოსავლეთ ევროპაში - რამდენად ინტენსიურია შვედეთის თანამშრომლობა რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებთან, რომელთაც მოსკოვი საფრთხეს უქმნის? 

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობას მხარს შვედეთის ორი პარტია [ყოფილი და მოქმედი სახელისუფლებო პარტიები] უჭერს. მოქმედი სოციალურ-დემოკრატიული მთავრობის პირობებში, რომელიც ხელისუფლებაში 2014 წელს მოვიდა, გვაქვს მუდმივი ჩართულობა ბიუროკრატიულ და დიპლომატიურ დონეებზე. შვედეთი ძირითად ყურადღებას სამ ქვეყანაზე - უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე ამახვილებს, რომლებმაც ევროპული ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით ყველაზე მეტს მიაღწიეს. თუმცა, ჩემი აზრით, თანამშრომლობის კრიტერიუმად მხოლოდ ევროინტეგრაცია და დემოკრატიული განვითარება არ უნდა ავიღოთ. არსებობს უფრო ფართო ჩართულობის საჭიროება ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უზბეკეთი. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ მეტისმეტს ვითხოვ შეზღუდული რესურსების მქონე შვედეთისგან, რომელმაც სხვა უფრო მსხვილ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან შედარებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბევრად მეტი რესურსი ჩადო, მაგრამ, ეს, რა თქმა უნდა, სასურველია, და უკვე ვხედავთ კიდევაც ამგვარი ურთიერთობების გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ორი კითხვა უკრაინის შესახებ. რამდენად გჯერათ, რომ, რუსეთის აგრესიის პირობებში, დასავლეთი უკრაინას ადეკვატურ დახმარებას აღმოუჩენს, მათ შორის, მიაწვდის ლეტალურ იარაღს? როგორ ფიქრობთ, არის თუ არა უკრაინაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების რისკი, კორუფციითა და რეფორმების ნაკლებობით გამოწვეული საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამო? 

ვფიქრობ, რომ რეალური რისკი არსებობს იმისა, რომ უკრაინის შიდა პრობლემები, რომლებსაც რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობაც ამწვავებს, უკრაინით დაღლილობას გამოიწვევს, როგორც ეს მოლდოვის შემთხვევაში მოხდა, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელები მანიპულირებდნენ ევროკავშირის ლიდერებით, რათა დახმარება მიეღოთ, შემდეგ კი - ამ დახმარებას არამიზნობრივად იყენებდნენ. 

2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ, მოსკოვის საგარეო ქმედებებზე დასავლეთის რეაგირებამ გარკვეული ცვლილება განიცადა. ამ ცვლილებას ხელი შეუწყო რუსეთის მიერ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევამ. როგორ ფიქრობთ, მოჰყვება თუ არა ამ ტრანსფორმაციას დასავლეთის თანმიმდევრული და ძლიერი სტრატეგიის შემუშავება, რომლის ცალსახა მიზანიც რუსული ექსპანსიონიზმის შეჩერება იქნება?

ამ ეტაპზე, დასავლეთის თანმიმდევრული და ძლიერი სტრატეგიის არსებობაზე ჯერჯერობით ბევრი არაფერი მიანიშნებს. მაგრამ უნდა ვაღიარო: არ მეგონა, რომ 2014 წელს რუსეთზე დაკისრებული სანქციები სამ წელიწადზე მეტხანს გასტანდა. თუ გავიხსენებთ, საქართველოში შემოჭრისთვის დაკისრებული სანქციები მალევე გაუქმდა. ასე რომ, ჩვენ არ უნდა ვიწუწუნოთ. ვფიქრობ, რომ დასავლეთის სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას (არა მხოლოდ აშშ-ის არჩევნებში, არამედ ჩარევას საფრანგეთში, გერმანიაში და სხვაგან) სერიოზული შედეგები მოჰყვა: ჩვენ შევძელით რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შენარჩუნება; ჩვენ შევძელით, ღრმად და მკაფიოდ გაგვეცნობიერებინა, თუ რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი სავარაუდოდ გაგრძელდება. თუმცა ძნელია იმის თქმა, მოჰყვება თუ არა ამას ძლიერი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც აქტიურად და მიზანდასახულად იმუშავებს რუსეთის მთელ პერიფერიაზე მისი მეზობლების მხარდასაჭერად.

Civil.Ge © 2001-2024