ევროკავშირის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე სიტყვით გამოვიდა
Civil Georgia, Tbilisi / 3 Nov.'17 / 17:03

ესტონელი დიპლომატი ტოივო კლაარი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი გახდება, თავის მომავალ რანგში პირველად გამოჩნდა საჯაროდ.

ტოივო კლაარი, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ევროკავშირის წარმომადგენელი იქნება, 2 ნოემბერს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, ეუთოდან და გაეროდან დანარჩენ ორ თანათავმჯდომარესთან, გიუნტერ ბეხლერთან და ანტი ტურუნენთან ერთად.

მომავალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს წარმოადგენს, რომლებიც „მონაწილეებს ანგარიშვალდებულების განცდას უქმნის“, ვინაიდან მოლაპარაკებების დროს „ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება“.

ტოივო კლაარმა, რომელიც 2013-2014 წლებში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა, ასევე ხაზი გაუსვა, რომ გარდა უსაფრთხოების საკითხებისა, ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და მოსახლეობაზე ჰუმანიტარული გავლენის საკითხებს.

თანათავმჯდომარეებმა ასევე განიხილეს ძალის გამოუყენებლობის და დევნილებისა და ლტოლვილების დაბრუნების საკითხები. ორივე ეს საკითხი ჟენევის დისკუსიების ფარგლებშიც განიხილება. 

აშშ-ის მისიამ ეუთოში  თანათავმჯდომარეების გამოსვლის საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კლაარს მომავალ დანიშვნას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები „მნიშვნელოვანია საქართველოში უსაფრთხოების, სტაბილურობის და ადამიანის უფლებების პატივისცემის გაღრმავებისთვის“ და 2008 წლის კონფლიქტის მოგვარების საშუალებას წარმოადგენს.

„ჟენევის ფორმატის მეშვეობით, ეუთო, ევროკავშირი და გაერო შეუფასებელ როლს ასრულებენ კონფლიქტით დაზარებულ რეგიონებში უსაფრთხოების სიტუაციის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული პირობების მონიტორინგის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის მისიამ მოუწოდა რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და დააბრუნოს საკუთარი სამხედრო ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე გააუქმოს საკუთარი გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარების თაობაზე. მან ასევე შეშფოთება გამოხატა რუსეთის „პროვოკაციულ ქმედებებზე, რომლებიც ამ რეგიონებზე გავლენის მოპოვებას ისახავს მიზნად“.    

ტოივო კლაარი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ჰერბერტ ზალბერს შეცვლის. ამ უკანასკნელმა თანამდებობა აგვისტოში დატოვა, რასაც დაახლოებით ორი თვით ადრე წინ უძღოდა მისი განცხადება ცხინვალში, რომელსაც საქართველოს ოფიციალური პირების და ოპოზიციური პოლიტიკოსების მკაცრი კრიტიკა მოყვა.

2005 წელს ევროკომისიაში მუშაობის დაწყებამდე, კლაარს ესტონეთის სამოქალაქო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა; 1999-2001 წლებში იგი ესტონეთის პრეზიდენტის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში; იგი ასევე მსახურობდა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იყო. მანამდე იგი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მსახურობდა.

2005-2010 წლებში ტოივო კლაარი ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, სანამ ევროკომისიის იმ სტრუქტურის ხელმძღანელი გახდებოდა, რომელიც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ჩამოყალიბების კოორდინაციასა და მართვაზე მუშაობდა. მოგვიანებით, ის ამ სამსახურს შეუერთდა როგორც ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი.    

Civil.Ge © 2001-2024