საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა უსაფრთხოებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იმსჯელეს
Civil Georgia, Tbilisi / 8 Nov.'17 / 18:30


გიორგი მარგველაშვილი და ანჟეი დუდა, ვარშავა, 8 ნოემბერი, 2017. ფოტო: president.gov.ge

7-9 ნოემბერს პოლონეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავის პოლონელ კოლეგას ანჟეი დუდას შეხვდა.

პოლონეთის პრეზიდენტის უფროსმა თანაშემწემ, კშიშტოფ  შჩერსკიმ განაცხადა, რომ 2018 წელს გაეროს უშიშრობის საბჭოში პოლონეთის წევრობის წინ, პრეზიდენტებმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ორმა პრეზიდენტმა ასევე იმსჯელა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. პოლონეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია ევროკავშირში.

კშიშტოფ  შჩერსკიმ განაცხადა, რომ საქართველო პოლონეთის „უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ხდება კავკასიაში“ და დასძინა, რომ ამ კუთხით ახალი შესაძლებლობების გამოძებნის პოტენციალი არსებობს. შჩერსკიმ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის ხშირი შეხვედრები იმაზე მიანიშნებს, რომ პოლონეთს სურს ახლო ურთიერთობების შენარჩუნება კავკასიის ქვეყნებთან.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა თავის პოლონელ კოლეგას მისი ქვეყნის მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის რიგ სფეროებში, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მარგველაშვილმა პოლონეთს საქართველოს ძლიერი პარტნიორი და „ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო“ უწოდა. 

„საქართველო-პოლონეთის პარტნიორობა დიდწილად განაპირობებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შორის თანამშრომლობის მომავალს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ანჟეი დუდა პირადად მოიწვია თბილისში 2018 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.

ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი ასევე შეხვდება პოლონეთის პრემიერ-მინისტრ ბეატა შიდლოს, სეიმის მარშალ მარეკ კუხჩინსკის, სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკის.

პრეზიდენტი მარგველაშვილი პოლონეთში საპასუხო ვიზიტით იმყოფება. პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს მაისის ბოლოს სტუმრობდა.

Civil.Ge © 2001-2024