ევროპის საბჭომ ანგარიში ‘კონფლიქტი საქართველოში’ გამოაქვეყნა
Civil Georgia, Tbilisi / 9 Nov.'17 / 13:18

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების 1299-ე შეხვედრა, 8 ნოემბერი, 2017. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების 1299-ე შეხვედრაზე, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართა, საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ წარადგინა, რომელიც 2017 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდს მოიცავს და საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.  

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა ანგარიშში, რომ „მიუხედავად უწყვეტი ძალისხმევისა, სამდივნოს არ მიეცა კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მიზნით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის უფლება“, რითიც მას „არ მიეცა შესაძლებლობა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება ადგილზე შეეფასებინა“.

შედეგად, დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია წინა კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, ასევე საქართველოს ხელისუფლებასთან, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საუბრებზეა დაფუძნებული.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება „შეფასებულია როგორც შედარებით სტაბილური და მშვიდი“, თუმცა ადამიანის უფლებები და კონფლიქტით დაზარალებული პირების ჰუმანიტარული სიტუაცია „კვლავ შემაშფოთებელია, განსაკუთრებით იმ არსებული და ახალი შეზღუდვების ფონზე, რომლის წინაშეც ეთნიკური ქართული მოსახლეობა დგას“, რაც უკავშირდება მათ თავისუფალ გადაადგილებას, დოკუმენტაციის აღებას, ასევე ძირითად მომსახურებებზე, მათ შორის განათლებაზე წვდომას.

დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის არაფორმალურმა დიალოგმა ხელი შეუწყო  საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს. 

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობა „კვლავ უზრუნველყოფს თავისუფალ წვდომას ჯანდაცვაზე, განათლებაზე და სხვა სოციალურ პრივილეგიებზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ყველა მაცხოვრებლისთვის“, თუმცა ასევე ამახვილებს ყურადღებას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში გაჭიანურებულ ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმებით 2013 წელს მიიღო და რომლის თანახმადაც „ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლის პროცედურების პირველადი დარღვევის დეკრიმინალიზაცია ხდება და áƒ˜áƒ¡ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად იქნება განხილული“.

„დელეგაციის ვიზიტის დროს, საერთაშორისო აქტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კანონი იმ გზით უნდა შეიცვალოს, რომ მან ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამეგობრობის მეტ ჩართულობას კონფლიქტებით დაზარებულ მოსახლეობასთან. აღიარეს რა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოქნილი მიდგომა კანონის განხორციელების მიმართ, გარკვეული წუხილები გამოითქვა წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

აფხაზეთი

რაც შეეხება აფხაზეთს, „რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაში ადგილი არ ჰქონია; თუმცა ზოგიერთი დამკვირვებლის თქმით, გაძლიერებული სამხედრო წვრთნები ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოების განცდას უკარგავს“. 

„ძირითად უფლებებსა და მომსახურებებზე დაწესებული შეზღუდვების მზარდი რაოდენობა ასევე აძლიერებს უსაფრთხოების ნაკლებობის და გაურკვევლობის განცდას“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ გალის რაიონის მოსახლეობა „ამ კუთხით ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩება“.

აფხაზეთში ექვსი გამშვები პუნქტიდან ოთხის დახურვამ „მნიშვნელოვნად გაურთულა გადაადგილების თავისუფლება, პირველ რიგში, გალის მოსახლეობას, თუმცა სხვებსაც, რასაც შედეგად მოჰყვა მგზავრობისა და ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის დროის გახანგრძლივება, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, გავრცელებული ინფორმაციით, ცდილობს უარყოფითი შედეგების შერბილებას ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო სქემის გაუმჯობესების გზით“.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ახალ „ბინადრობის ნებართვებზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ახალი დოკუმენტი მის მფლობელებს საკუთრების მხოლოდ შეზღუდულ უფლებებს ანიჭებს, მნიშვნელოვან ბარიერებს უქმნის მათ ინტეგრაციას ადგილობრივ დონეზე და კიდევ უფრო აღრმავებას მიუღებლობის შეგრძნებას მათში.

ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი

უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებებს ასევე არ ჰქონია ადგილი სამხრეთ ოსეთშიც.

„სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში კვლავ გრძელდებოდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი“, რაც „დაძაბულობის პოტენციურ წყაროდ“ რჩება. „ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ის დაბრკოლებები, რომელსაც ის თავისუფალ გადაადგილებას უქმნის, კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, და უსაფრთხოების კუთხითაც მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები მოაქვს“, - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირის, სუამის და სხვა პარტნიორების მიერ ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, და იმედი გამოთქვა, რომ საკითხი მომავალშიც დარჩება ევროპის საბჭოს დღის წესრიგში.  

Civil.Ge © 2001-2024