საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელს სტუმრობს
Civil Georgia, Tbilisi / 9 Nov.'17 / 16:42

ლევან იზორია და გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 9 ნოემბერი, 2017. ფოტო: NATO

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, 8-9 ნოემბერს ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის შემდეგ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ „ძალიან პროდუქტიული“ დისკუსია გაიმართა. „ჩვენ ვრჩებით საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული და ვაგრძელებთ არსებული კონტრიბუციით მონაწილეობას აღნიშნულ მისიაში“, - განაცხადა მან.

„კერძოდ, მომავალ წელსაც 870 სამხედრო მოსამსახურე გააგრძელებს ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მსოფლიოს უსაფრთხოების და სტაბილურობის უზურნველყოფის საქმეში თავისი განსაკუთრებული წვლილის შეტანას“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. 

მისი თქმით, საქართველოს წვლილი და თანამონაწილეობა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ხაზგასმით აღინიშნა შეხვედრაზე. „გამოხატული იქნა ქართველი ოფიცრების და ჯარისკაცების მიმართ და ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება იმ დიდი კონტრიბუციისთვის, რასაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში   უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეწევა“, - განაცხადა იზორიამ.

შეხვედრის შემდეგ საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მტკიცე მხარდაჭერის მისიაში კონტინგენტის ზრდას გეგმავს არსებული 13 000-დან 16 000 სამხედრომდე და რომ 27-მა ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში მომდევნო თვეებში. „მივესალმები მოკავშირეების და პარტნიორების მიერ გამოხატულ ძლიერ ერთგულებას და მხარდაჭერას“, განაცხადა მან.

ბრიუსელიდან ლევან იზორია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც ვაშინგტონში თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

Civil.Ge © 2001-2024