ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში დაინიშნა
Civil Georgia, Tbilisi / 13 Nov.'17 / 15:41

ევროკავშირის საბჭომ ესტონელი დიპლომატი ტოივო კლაარი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.

ტოივო კლაარი, რომელიც ამჟამად ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცენტრალური აზიის განყოფილებას ხელმძღვანელობს, მანამდე კი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მსახურობდა, თავის ახალ რანგში რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ტოივო კლაარი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ევროკავშირის წარმომადგენელი იქნება.

ტოივო კლაარი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ჰერბერტ ზალბერს შეცვლის. ამ უკანასკნელმა თანამდებობა აგვისტოში დატოვა, რასაც დაახლოებით ორი თვით ადრე წინ უძღოდა მისი განცხადება ცხინვალში, რომელსაც საქართველოს ოფიციალური პირების და ოპოზიციური პოლიტიკოსების მკაცრი კრიტიკა მოყვა.

2005 წელს ევროკომისიაში მუშაობის დაწყებამდე, კლაარს ესტონეთის სამოქალაქო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა; 1999-2001 წლებში იგი ესტონეთის პრეზიდენტის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში; იგი ასევე მსახურობდა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იყო. მანამდე იგი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მსახურობდა.

2005-2010 წლებში ტოივო კლაარი ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, სანამ ევროკომისიის იმ სტრუქტურის ხელმძღანელი გახდებოდა, რომელიც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ჩამოყალიბების კოორდინაციასა და მართვაზე მუშაობდა. მოგვიანებით, ის ამ სამსახურს შეუერთდა როგორც ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი.   

Civil.Ge © 2001-2024