ლინას ლინკევიჩიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის და საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესახებ საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 13 Nov.'17 / 17:03

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა 13 ნოემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრა. ლინკევიჩუსმა განცხადება ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ გააკეთა.

ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ „იგივე ლოგიკით უნდა გავაგრძელოთ, რაზეც შევთანხმდით, რომ ყველა ქვეყანას ინდივიდუალურად უნდა მოვეპყრათ“ და „მზად უნდა ვიყოთ, უფრო მეტი მივცეთ მათ, ვინც მზად არიან მეტი მიიღონ ყველა ასპექტში და წინ წაიწიონ“.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „საქართველო წარმატებას აღწევს“ და „სწორი მიმართულებით მოძრაობს“ მიუხედავად იმისა, რომ „პრობლემების წინაშე დგას ქვეყანაში არსებული დაძაბულობის გამო - მისი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და ჩვენ გვესმის, ეს რასაც ნიშნავს“. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო „წინ უნდა წავიდეს და მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ“.

ლინკევიჩიუსმა აღნიშნა, რომ სურს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში იხილოს „რაც შეიძლება მეტი [პოლიტიკური მხარდაჭერა] ამ ქვეყნების პერსპექტივის მიმართ - თუ რა მიმართულებით მიდიან ისინი“, თუმცა იქვე დასძინა, რომ, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება დეკლარაციის საბოლოო ტექსტი, „ჩვენ ყველას გვესმის, რომ ევროკავშირთან მათი დაახლოება გრძელდება“, და ამის მაგალითად შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებები დაასახელა.  

მინისტრის თქმით, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის აღმოსავლელი  პარტნიორების ევროპული პერსპექტივის საკითხზე კონსენსუსის თაობაზე „სირთულეები შეიქმნა“, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „რა თქმა უნდა, წინ უნდა ვიაროთ“ და „მზად უნდა ვიყოთ იმ დროისათვის, როდესაც პოლიტიკური კონსენსუსი იქნება მიღწეული“.

Civil.Ge © 2001-2024