პოლიტიკური პარტიები და პრეზიდენტი სამთავრობო ცვლილებებს აფასებენ
Civil Georgia, Tbilisi / 13 Nov.'17 / 18:22

პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ინიციატივას, რომელიც მთავრობაში მასშტაბურ სტრუქტურულ რეორგანიზაციას და საკადრო ცვლილებებს ითვალისწინებს, პოლიტიკური პარტიების მხრიდან შეფასებები მოჰყვა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ იგი კვლავ ცდილობს „გააკონტროლოს ყველა საკვანძო უწყება“. ოპოზიციაში განსაკუთრებულ ყურადღებას შინაგან საქმეთა მინისტრად ეკონომიკის მოქმედი მინისტრის, გიორგი გახარიას, ხოლო ფინანსთა მინისტრად „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორის მამუკა ბახტაძის დანიშვნაზე ამახვილებენ. 

„ასეთი მასშტაბური ცვლილებები, როგორც სტრუქტურული ასევე საკადრო, აჩვენებს იმას, რომ თვითონ მთავრობა და ხელისუფლების გუნდი არ არის კმაყოფილი საკუთარი მუშაობით და ეს ძალიან უცნაურია, როდესაც ადგილობრივი არჩევნები სულ რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა“, - განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან სალომე სამადაშვილმა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას დანიშვნა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე არის „სრულიად გაუგებარი“. 

„ეს ცვლილებები აჩვენებს ერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ კიდევ უფრო ახლო დინსტანციიდან გააკონტროლოს ყველა საკვანძო უწყება“, - დასძინა სალომე სამადაშვილმა.

სამთავრობო ცვლილებებს ბრიფინგით გამოეხმაურა ევროპული საქართველო. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, „დაწინაურდნენ და ძალაუფლება  შეინარჩუნეს“ იმ პირებმა, რომლებიც ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან. მანვე ყურადღება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე გაამახვილა.

„ევროპული საქართველო ბიუროკრატიული მასის შემცირებას დიდი ხანია ითხოვს, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები, ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მამუხრუჭებელი ფაქტორია. áƒ©áƒ•áƒ”ნ ველით 2018 წლის ბიუჯეტს, სადაც ცვლილებები მკაფიოდ უნდა იყოს ასახული და შესაბამისი ზომითა და პროპორციით უნდა იყოს ასახული“, - განაცხადა უგულავამ. 

ოპოზიციის კრიტიკას áƒ¡áƒáƒ›áƒ—ავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან მმართველი გუნდის წარმომადგენლები. 

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერის მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება მთავრობაში „მართვის სისტემის რაციონალიზაციას და ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას“. „რაც შეეხება ბიუჯეტს, ბუნებრივია, áƒáƒ› ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი იქნება ასევე ხარჯების რაციონალიზაცია და ოპტიმიზაცია, აქედან გამომდინარე, ყველა თვალსაზრისით, ეს ცვლილებები მოიტანს დადებით შედეგებს“, - დასძინა კობახიძემ.

„მე მგონი საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და დაუსრულებელი საუბარი მის ასე ვთქვათ, მონაწილეობაზე ამ ყველაფერში, უკვე მობეზრდა მოსახლეობას იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ამას აკეთებს ოპოზიცია“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებები „აუცილებელია იმისთვის, რომ მთავრობის საქმიანობა ბევრად უფრო ეფექტური, უკეთ კოორდინირებული იყოს“. 

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც შეაფასეს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის პროცესის შედეგად განხორციელებული ცვლილებები საზოგადოების თითოეულ წევრზე პოზიტიურად აისახოს. ჩვენ დადებითად ვაფასებთ მინისტრების პოსტზე  წარმოდგენილ კანდიდატურებს, წარმატებას ვუსურვებთ მათ, ვინაიდან მათ აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე”, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა 13 ნოემბერს წარადგინა. ცვლილებების შედეგად, საქართველოს მთავრობაში, დღეს არსებული 16 სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრების ორი აპარატის ნაცვლად, 13 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი დარჩება. იგეგმება ცალკეული ძალოვანი უწყებების გაერთიანებაც.

Civil.Ge © 2001-2024