ნაურუს პრეზიდენტი სოხუმის და ცხინვალის ლიდერებს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 14 Nov.'17 / 17:19


ბარონ ვაქა სოხუმში, 12 ნოემბერი, 2017. ფოტო: presidentofabkhazia.org

ნაურუს პრეზიდენტმა ბარონ ვაქამ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან, რაულ ხაჯიმბასთან და ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრები გამართა.

ბარონ ვაქა, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელი და ნაურუს სახელმწიფოს მეთაურია, აფხაზეთში რუსეთიდან 12 ნოემბერს ჩავიდა და რეგიონის ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდა, რა დროსაც რეგიონს მხარდაჭერა აღუთქვა და წყნარი ოკეანის რეგიონში აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების ლობირებას დაპირდა.

13 ნოემბერს ვაქა მოსკოვში ჩავიდა, სადაც ანატოლი ბიბილოვს შეხვდა, რომელიც ასევე სტუმრობს რუსეთის დედაქალაქს. აფხაზეთის მსგავსად, ბარონ ვაქამ ცხინვალსაც აღუთქვა მხარდაჭერა წყნარი ოკეანის რეგიონში კავშირების გაფართოების საქმეში.

„დღეს ნაურუ წყნარი ოკეანის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს აღიარებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ასეთი ქვეყნების რიცხვი გაიზრდება. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ“, - იტყობინება ბიბილოვის პრესსამსახური ვაქას სიტყვებზე დაყრდნობით.

12 ნოემბერს აფხაზეთში გამომგზავრებამდე ნაურუს ლიდერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა, სადაც მხარეებმა „კმაყოფილება გამოხატეს“ ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობის შესახებ.

წყნარ ოკეანეში მდებარე, მსოფლიოს ყველაზე პატარა კუნძულ-სახელმწიფომ, ნაურუმ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2009 წელს აღიარა. ამ ეტაპისთვის, ორი რეგიონის დამოუკიდებლობას ასევე აღიარებენ რუსეთი, ვენესუელა და ნიკარაგუა.

Civil.Ge © 2001-2024