პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა დაადასტურეს
Civil Georgia, Tbilisi / 15 Nov.'17 / 18:49


პოლონეთის, საქართველოს და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში, 14 ნოემბერი, 2017. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

თბილისში განხორციელებული ერთობლივი ვიზიტის დროს პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის და ქვეყნის მიერ რეფორმების კუთხით განხორციელებული ძალისხმევის მიმართ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ, და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგოტ ვალსტრომმა 14 ნოემბერს მოლაპარაკებები გამართეს საქართველოს ხელმძღვანელობასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ვიზიტი ორი კვირით უსწრებდა წინ ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, სადაც თბილისი იმედოვნებს, რომ მისი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის ძლიერ გზავნილებს მიიღებს.

2009 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავიანთი ქვეყნების მხარდაჭერა გამოხატრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსის მიმართ, თუმცა რეფორმების გაგრძელების საჭიროებას გაუსვეს ხაზი.

საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაცია დამაკმაყოფილებელი იქნება საქართველოსთვის, ვინაიდან ის „ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირების პერსპექტივას სთავაზობს“.

„რა თქმა უნდა, გვირჩევნია შემოგთავაზოთ ევროკავშირის სრულეფლებიანი წევრობა, მაგრამ, როგორც იცით, ევროკავშირში რთული სიტუაციის გამო, ეს ამ მომენტში შეუძლებელია“, - დასძინა მინისტრმა. „ჩვენ დიდი იმედით áƒ•áƒ”ლით თქვენს წევრობას“, - თქვა ვაშჩიკოვსკიმ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი „აფასებს“ საქართველოს განზრახვას და მის ძალისხმებას, რომ რეფორმები განახორციელოს, რათა საქართველო გახდეს „ქვეყანა, რომელიც შეძლებს ევროკავშირში შესვლას“.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი „არასდროს აღიარებს“ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. „ჩვენი, როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მომავალი წევრის იმედი უნდა გქონდეთ“, - დასძინა მან.

თავის განცხადებაში შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგოტ ვალსტრომმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს რეფორმების მიმართ და პირობა დადო, რომ მისი ევროპული მისწრაფებების „მტკიცე მხარდამჭერი“ დარჩება.  

„საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესული წევრი, სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ქვეყენას ბევრი მუშაობა მოუწევს შემდგომ წლებშიც, რათა სრულად განახორციელოს ასოცირების შეთანხმება, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და „კიდევ უფრო გააძლიეროს“ თავისი ინსტიტუტები.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას მაღალი მოლოდინები აქვს საქართველოსთან მიმართებაში. „არის სფეროები, სადაც ვისურვებდით, რომ უფრო აქტიური ძალისხმევა ვიხილოთ. ესენია: სასამართლო სისტემის რეფორმა, გენდერული ბალანსი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მედიის თავისუფლება“.

კითხვაზე გაუცრუა თუ არა თბილისს იმედები ბრიუსელის სამიტის დეკლარაციის ტექსტმა, ევროკავშირში წევრობის მისწრაფებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ „იმედგაცრუებისთვის საბაბი არ არსებობს“. „საქართველო ყველა ამ რეფორმას საკუთარი თავისთვის, საკუთარი მოქალაქეებისთვის, საკუთარი სახელმწიფოსთვის და იმისთვის აკეთებს, რომ ქვეყანა ნამდვილად ევროპული სახელმწიფო გახდეს“.

თუმცა, ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა „შესაბამის აღიარებას“ ელის და მას სჯერა, რომ „შედეგი იქნება მიღწეული იმედგაცრუების გარეშე და ბეჯითი მუშაობის შედეგად“. „საქართველო, თავისი ტრანსფორმაციით, თავისი ძალიან აქტიური დიალოგით და სტრატეგიული პარტნიორობით ევროკავშირთან, ნამდვილად მიაღწევს მიზანს, რომ ერთ დღესაც გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“.

ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდნენ. ისინი ასევე შეხდვნენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს და მისიის პატრულთან ერთად საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელი ოძისი მოინახულეს.

Civil.Ge © 2001-2024