საქართველომ „ლაპის ლაზულის“ სატრანზიტო დერეფნის შეთანხმებას მოაწერა ხელი
Civil Georgia, Tbilisi / 16 Nov.'17 / 18:31


აზერბაიჯანის, ავღანეთის, თურქმენეთის, საქართველოს და თურქეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ლაპის ლაზულის შეთანხმებას, 15 ნოემბერი, 2017. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, 15 ნოემბერს, თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, ოთხი ქვეყნის - ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის - წარმომადგენელთან ერთად, ხელი მოაწერა ავღანეთიდან, თურქმენეთის, კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით, ევროპის მიმართულებით ახალი სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ შექმნის შეთანხმებას.

„ლაპის ლაზულის“ სატრანსპორტო დერეფანი საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო მარშრუტებს აერთიანებს. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას, კერძოდ, ტვირთების და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგებას.

„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მრავალმხრივ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი - ეს არიან ქვეყნები, რომელთაც ახალ სატრანზიტო დერეფანს დაუდეს საფუძველი. ეს გულისხმობს მეტი ტვირთის მოძრაობას ამ დერეფნის გავლით და ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნებისთვის, საქართველოსთვის და რეგიონისთვის“, - განაცხადა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძემ თურქმენეთში ვიზიტის დროს ასევე მონაწილეობა მიიღო ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაში და პირისპირ შეხვედრა გამართა თავის კოლეგასთან, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვთან.

თურქმენეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ისაუბრეს როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო არენაზე თურქმენეთ-საქართველოს აქტიურ თანამშრომლობაზე საწვავისა და ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში.

Civil.Ge © 2001-2024