სახალხო დამცველმა აფხაზეთის გამშვები პუნქტების დახურვაზე ანგარიში გამოაქვეყნა
Civil Georgia, Tbilisi / 17 Nov.'17 / 18:32

„ადამიანის უფლებების მდგომარეობა აფხაზეთის გამყოფი ხაზის მიმდებარე თემებში, კონკრეტულად კი გალის რაიონში, უფრო და უფრო უარესდება“, - ნათქვამია სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილის სპეციალურ ანგარიშში.

ანგარიში, რომელიც 16 ნოემბერს გამოქვეყნდა, გალის რაიონსა და ზუგდიდის რაიონს შორის მდებარე ორი გამშვები პუნქტის - ნაბაკევი ხურჩას და მეორე ოტობაია - ორსანტიას - დახურვით გამოწვეულ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ზემოქმედებას აფასებს. 

დოკუმენტის თანახმად, 2017 წლის დასაწყისში ორი გამშვები პუნქტის დახურვა „ზღუდავს გალის რაიონის მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას და გაუმართლებელ დაბრკოლებებს უქმნის მათ ჯანდაცვის მომსახურებისა და განათლების მიღების, ვაჭრობის, ოჯახური კავშირების შენარჩუნებისა თუ სხვა მიმართულებებით“.

ორი გამშვები პუნქტის დახურვამ „განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა მოახდინა გალის რაიონის ე.წ. ქვედა ზონაში მცხოვრები 11 სოფლის დაახლოებით 3 400 ოჯახზე“, ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმად ამან გაზარდა მანძილი, დრო და ზუგდიდში ჩასვლის ღირებულება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც რეგულარულად კვეთდნენ სასაზღვრო ზოლს.

სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ „გადასასვლელების გაუქმება, დოკუმენტების პრობლემა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა და სხვა პრობლემები დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს გალის რაიონის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ოკუპირებული აფხაზეთის სხვა, არაქართველ მოსახლეობასთან შედარებით“.

„ამჟამინდელი სოციალურ-ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს მოსახლეობის მიერ აფხაზეთის, მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების საშიშროება“, - აცხადებს სახალხო დამცველი და მოუწოდებს მთავრობას, რომ გააფართოვოს განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დახმარების პროგრამები აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, „საჭიროა მთავრობამ შეიმუშაოს კოორდინირებული, მოქნილი და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული მექანიზმები როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე“.

„ამ საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა 2014-2016 წლებში არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გასცა სახელმწიფო უწყებების მიმართ, რომლებიც სამწუხაროდ ძირითად შემთხვევაში შეუსრულებელია“, - ნათქვამია ანგარიშში.

სოხუმის ხელისუფლებამ ოთხი გამშვები პუნქტიდან ორი 5 მარტს დახურა.

რამდენიმე ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის გაერომ, ევროკავშირმა, ნატომ, აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიტვამ და იაპონიამ, გააპროტესტა ეს გადაწყვეტილება და ხაზი გაუსვა, რომ ის შეზღუდავს ადგილობრივების, მათ შორის სკოლის მოსწავლეების და პაციენტების თავისუფალ გადაადგილებას.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების 28 დეკემბრის გადაწყვეტილებამ გამშვები პუნქტების დახურვის თაობაზე თავად რეგიონშიც გამოიწვია უკმაყოფილება. 

გალის რაიონის ნაბაკევისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ, რომელიც  ზუგდიდის რაიონის ახლომდებარე სოფლებში მოსახვედრად სასწავლებლად, სამედიცინო მომსახურებისა და კომერციული საქმიანობისთვის ნაბაკევი–ხურჩას გამშვებ პუნქტს იყენებდა, 25 იანვარს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.  

Civil.Ge © 2001-2024