უკრაინაში საქართველოს ელჩი: საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია უკრაინის ‘უსაფრთხოების ეროვნულ ინტერესებს’ უკავშირდება
Civil Georgia, Tbilisi / 21 Nov.'17 / 17:56

უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გელა დუმბაძემ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ კომენტარი გააკეთა. დუმბაძის განმარტებით, საქართველოს საელჩო ყველა მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით „მომენტალურ რეაგირებას აკეთებს“ და „უწყვეტი კომუნიკაცია“ აქვს უკრაინის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან. 

ელჩის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მიზეზების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა იმით აიხსნება, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ გადაწყვეტილებას „უსაფრთხოების ეროვნული ინტერესებს“ უკავშირებენ. მისივე თქმით, „კონკრეტულად ხაზგასმას ამ პიროვნებებთან დაკავშირებით, რომ ისინი ამა თუ იმ კავშირში იყვნენ საქართველოს ექს-პრეზიდენტთან და მის პოლიტიკურ საქმიანობასთან, ამ მოცემულ ეტაპზე ადგილი არ აქვს“. 

ელჩის განცხადებით, უკრაინის პრემიერ-მინისტრის დავალებით, 22 ნოემბერს მას საზღვრის დაცვის და მიგრაციის სახელმწიფო სამსახურების ხელმძღვანელები შეხვდებიან, „სადაც ეს საქმეები დეტალურად იქნება განხილული“. გელა დუმბაძის თქმით, შეხვედრაზე ცალკე საკითხად დააყენებს „საელჩოს დროულ ინფორმირებას ყველა მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით“. 

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, საზღვრის დაცვის და მიგრაციის სამსახურების ერთობლივი მოქმედებით, 17 ნოემბერს უკრაინიდან საქართველოს რვა მოქალაქე იქნა გაძევებული. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის იყვნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორი, ასევე - ქართველი მოხალისეები, რომლებიც დონბასში უკრაინის მხარეს იბრძოდნენ. 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის ოპოზიციური პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ქართველების დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ ფეისბუქით იტყობინებოდა, საქართველო მოქალაქეების áƒ’აძევება მის წინააღმდეგ უკრაინის პრეზიდენტის, პოროშენკოს, და საქართველოს ყოფილი პრემიერის, ივანიშვილის, ერთობლივ მოქმედებებს დაუკავშირა.  

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 20 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა. ოპოზიციურმა პარტიამ მთავრობა „საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში პოლიტიკური ნიშნით შერჩევითობაში“ დაადანაშაულა

მანამდე, 15 ოქტომბერს, უკრაინაში შესვლის უფლება საქართველოს პარლამენტის წევრს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, კობა ნაყოფიას არ მისცეს. 11 ნოემბერს კი, უკრაინაში არ შეუშვეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, რომელიც კიევში ჩასულ მიხეილ სააკაშვილის უმცროს შვილს ნიკოლოზ სააკაშვილს ახლდა.

Civil.Ge © 2001-2024