საქართველოს ოფიციალური პირების თქმით, ჯაველინის სისტემა ‘მხოლოდ თავდაცვითი’ მიზნით გამოიყენება
Civil Georgia, Tbilisi / 22 Nov.'17 / 18:30

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საქართველოსთვის  ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინის“ მიყიდვის თაობაზე გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს, ხოლო შეიარაღება მხოლოდ თავდაცვითი მიზნით იქნება გამოყენებული, განაცხადეს საქართველოს ოფიციალურმა პირებმა 21 ნოემბერს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ „აღნიშნული გადაწყვეტილება ასახავს ორი სუვერენული სახელმწიფოს ნებას და გამომხატველია იმ მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორობის, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვის უნარიანობის და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით“.

„ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეიარაღება არის მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და არც მისი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით არ შეიძლება იყოს გამოყენებული შეტევითი მიზნებისთვის“, - დასძინა მან.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა თავის კომენტარში, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ ნდობის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

„ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მშვიდობას, უსაფრთხოებას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ეფექტური თავდაცვითი საშუალება, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა, იყოს უსაფრთხოება“, - განაცხადა სესიაშვილმა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალმა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტომ განაცხადა, რომ საქართველო 410 თვითდამიზნებად მართვად რაკეტას და 72 მრავალჯერადი გამოყენების სამეთაურო-გამშვებ ბლოკს, ასევე ლოჯისტიკისა და პროგრამული მხარდაჭერის ელემენტებს შეიძენს. ეს გადაწყვეტილება ახლა აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

 

Civil.Ge © 2001-2024