კვირიკაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება
Civil Georgia, Tbilisi / 24 Nov.'17 / 17:38


გიორგი კვირიკაშვილი და დონალდ ტუსკი, 24 ნოემბერი, 2017. ფოტო: gov.ge

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც 24 ნოემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტი იმართება, რიგი შეხვედრები გამართა ევროპელ ლიდერებთან.

პირველი შეხვედრა კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, გამართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

ანალოგიური საკითხები იქნა განხილული კვირიკაშვილის შეხვედრაზე ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, რა დროსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა, „კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას ევროკავშირთან მეტად დაახლოებისთვის“.

ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები იქნა განხილული კვირიკაშვილის და უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს შეხვედრაზე.

„მივესალმებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მზარდ ურთიერთობებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ აქ ერთად ვიმყოფებით. ჩვენს ქვეყნებს აქვთ საერთო ამბიციები, ევროპული და ევროატლანტიკური მიზნები, რაც ჩვენს საშინაო და საგარეო დღის წესრიგს განსაზღვრავს. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა განვიხილოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები, რომელსაც განვითარების გაცილებით უფრო ფართო და ღრმა პოტენციალი აქვს“, - მიმართა კვირიკაშვილმა პოროშენკოს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა რიგი სხვა შეხვედრებიც გამართა, მათ შორის თავის ფინელ, ფრანგ და შვედ კოლეგებთან. 

Civil.Ge © 2001-2024