ბათუმში მომხდარ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა
Civil Georgia, Tbilisi / 25 Nov.'17 / 11:53
ბათუმში სასტუმროში „ლეოგრანდი“ 24 ნოემბერს მომხდარ ხანძარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 პირი, მათ შორის, ირანის - ერთი და საქართველოს ათი მოქალაქე ემსხვერპლა.
შსს-ის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ხანძრის შესახებ შეტყობინება 20:01 სთ-ზე შევიდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე სამ წუთში მივიდნენ. 
„ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი“, - იტყობინებოდა 24 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მისივე ინფორმაციით, ბათუმში შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე გაემგზავრნენ. 
ბათუმში ჩასულმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, პირველადი მოკვლევით, ხანძრის კერა იყო სასტუმროს მეოთხე სართულზე. „სამწუხაროდ, დაკვამლიანება მოხდა ერთადერთი დერეფნის, კიბის კორიდორის, და ხალხი იყო ბლოკირებული მეშვიდე სართულზე“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ ადამიანების ევაკუაციისათვის, მეხანძრეებს  სამაშველო ამწეების გამოყენება მოუწიათ. ღამის 00:55 საათისთვის სამაშველო ოპერაციის დასრულების შესახებ გამოაცხადეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზაალ მელიქაძის განცხადებით, 21 პირი ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის ნიშნებით ბათუმის საავადმყოფოებში იქნა გადაყვანილი, მათგან სამი - მალევე გაეწერა სახლში, კლინიკებში რჩება 18 პირი, მათ შორის, ისრაელის - ერთი, თურქეთის - ხუთი და საქართველოს 12 მოქალაქეა.  
გამოხმაურებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც საქართველოში ბრიუსელიდან ბრუნდებოდა, ბათუმში ჩაფრინდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო
„პირველ რიგში, ამ უმძიმეს წუთებში ვუსამძიმრებ ბათუმში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს ტრაგედია უმძიმესია თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. „მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა. 
ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც, მიუსამძიმრეს. მათ ასევე მადლობა გადაუხადეს მეხანძრეებს. „იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს“, - ნათქვამია მარგველაშვილის განცხადებაში. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდაპირველი განცხადების მიხედვით, გამოძიება დაწყებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით), თუმცა მოგვიანებით სამინისტრომ განაცხადა, რომ  გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

Civil.Ge © 2001-2024