საქართველოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს
Civil Georgia, Tbilisi / 27 Nov.'17 / 17:56


ვოლოდიმირ გროისმანი და გიორგი კვირიკაშვილი, თბილისი, 27 ნოემბერი, 2017. ფოტო: gov.ge

თბილისში 27 ნოემბერს განხორციელებული პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა საქართველოს ლიდერებთან ორმხრივი ურთიერთობების და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პირველი ოფიციალური პირი იყო, რომელიც თავის უკრაინელ კოლეგას შეხვდა, სადაც მხარეებმა რიგი პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორმა პრემიერ-მინისტრმა გაფართოებული შემადგენლობით გამართა შეხვედრა, სადაც კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას და საქართველოს „ძალიან ბევრი საერთო აქვთ“.  „უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ჩვენი ტრადიციული ძალიან მეგობრული, კულტურული ურთიერთობები და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საერთო სტრატეგიული მისწრაფებები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მისწრაფებების ერთობლივად მიღწევა და თანამშრომლობა ამ მიმართულებით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ანალოგიური გამოწვევები აქვთ. „საქართველო არის უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდამჭერი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენი მხრიდან მადლობელნი ვართ, უკრაინის თანმიმდვრული პოზიციის გამო საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით“, - დასძინა მან. 

ორმა პრემიერ-მინისტრმა ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ერთობლივ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა, სადაც კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში“.

„უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას, რასაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი და რომლის შედეგადაც, ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონები“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ერთმანეთის ძლიერი მხარდაჭერა და ერთობლივი ქმედებები საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა საქართველოსა და უკრაინის ინტერესები, გამოწვევები და პრობლემები მუდმივად იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში“.

თავის მხრივ, გროისმანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მისი ქვეყნის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და პირობა დადო, რომ საქართველოს ერთგული პარტნიორი დარჩება. 

მან ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზეც ისაუბრა ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის კონტექსტში და საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის შესვლის პროცედურების გამარტივების საჭიროებას გაუსვა ხაზი, რაც ითვალისწინებს მათთვის პირადობის მოწმობებით საზღვრის გადაკვეთის საშუალების მინიჭებას.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვოლოდიმირ გროისმანმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველო-უკრაინის ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა „1 მილიარდ აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს“.

თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ გროისმანი ასევე შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას. იგი ასევე ესტუმრა წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც დონბასის áƒ áƒ”გიონში ომის დროს დაჭრილი უკრაინელი სამხედროები მკურნალობას გადიან. 28 ნოემბერს გროისმანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს დაესწრება.

Civil.Ge © 2001-2024