საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძის წარდგენას კრიტიკა მოჰყვა
Civil Georgia, Tbilisi / 28 Nov.'17 / 17:10

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, ევა გოცირიძის, წარდგენას საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკა მოჰყვა. 

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ევა გოცირიძე, რომლის სახელსაც, მათი თქმით, მოსამართლეთა დანიშვნის საკამათო გადაწყვეტილებები და მოსამართლეთა კრიტიკაზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივა უკავშირდება, არ არის საკმარისად ნეიტრალური და პრინციპული, რომ საკონსტიტუციო მოსამართლის თანამდებობა დაიკავოს. 

ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ასევე გოცირიძის პროფესიულ კვალიფიკაციაზეც ამახვილებენ და აღნიშნავენ, რომ იგი ერთ-ერთი იყო ევროსასამართლოს მოსამართლეობაზე მთავრობის მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან, რომელმაც ევროპის საბჭოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაზა ბიბილაშვილის აზრით, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ გოცირიძის კანდიდატურა დაიწუნა, უმრავლესობა „უბრალოდ აბინავებს“ მას საკონსტიტუციო სასამართლოში. 

ევროპული საქართველოს წარმომადგენელის, პარლამენტის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით კი, ევა გოცირიძემ „საზოგადოებას თავი დაამახსოვრა სწორედ კონსტიტუციური, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საწინააღმდეგო გამონათქვამებით, როდესაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე ის მხარს უჭერდა საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას“. 

გოცირიძის კანდიდატურის მიმართ კითხვები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც აქვთ. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლის, ილიკო შერმადინის თქმით, იუსტიციის საბჭოში მუშაობისას, ევა გოცირიძემ მოსამართლეთა დანიშვნის ეტაზე „პრინციპულობა ვერ გამოავლინა“, რამაც „სასამართლო სისტემა კრიზისში შეიყვანა“.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენლის, გიორგი ბერაიას განცხადებით კი, ევა გოცირიძის საკონსტიტუციო მოსამართლედ წარდგენა აჩენს „ლოგიკურ ეჭვს“, რომ იგი იუსტიციის საბჭოს წევრობისას ხელისუფლებასთან შეთანხმებულად მოქმედებდა, რაც „კარგს არაფერს მოუტანს სასამართლოს დამოუკიდებლობის განვითარებას“.

ევა გოცირიძეს, რომელიც პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული არამოსამართლე წევრი იყო, უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა 2017 წლის ზაფხულში ამოეწურა. მანამდე, საქართველოს მთავრობას იგი, სხვა კანდიდატებთან ერთად, წარდგენილი ჰყავდა ევროსასამართლოს მოსამართლის შესარჩევ კონკურსში, თუმცა ევროპის საბჭომ მისი კანდიდატურა დაიწუნა.

საკანონმდებლო ორგანოს მიერ მისი კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩაანაცვლებს პარლამენტის კვოტით არჩეულ მოსამართლეს, ლალი ფაფიაშვილს, რომელსაც უფლებამოსილების ათწლიანი ვადა 2017 წლის ბოლოს ეწურება.

Civil.Ge © 2001-2024