პრემიერ-მინისტრი აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოს სატრანზიტო როლზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 28 Nov.'17 / 19:30

საქართველო, რომელიც „ისტორიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე“ მდებარეობს, აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკონომიკებს და კულტურებს აკავშირებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 28 ნოემბერს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

თბილისის აბრეშუმის გზის ორდღიან ფორუმზე, რომლის პირველი შეხვედრაც თბილისში 2015 წელს გაიმართა, 37 ქვეყნის პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

„საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა და პატივი იქნება კონტინენტებს შორის საიმედო კავშირების გაღრმავების პროცესში საკუთარი მოკრძალებული წვლილის შეტანა“, - მიმართა კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა „ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი ბიძგი მივცეთ „აბრეშუმის გზის" ფარგლებში როგორც სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებასა და მათი ეფექტიანობის გაზრდას, ასევე, იმ პროექტების განხორციელებას, რაც ევროპისა და აზიის ეკონომიკური და ცივილიზაციური კავშირების განმტკიცებას შეუწყობს ხელს“.

ხაზი გაუსვა რა საქართველოს, როგორც სავაჭრო მარშრუტის უპირატესობას, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა არის „ღია ეკონომიკა. ჩვენ მსოფლიოში მერვე ადგილს ვიკავებთ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით და მეცხრე ადგილს ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით“.

მან ასევე განაცხადა, რომ „ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი და გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ყველა მეზობელთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან“.

„დავიწყეთ შესაძლებლობების შესწავლა ინდოეთთან“, - დასძინა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა მზადაა „თავისი წვლილი შეიტანოს „ახალი აბრეშუმის გზის“ ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში. მოგეხსენებათ, თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ოქტომბერში ავამოქმედეთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი, რომელმაც ცენტრალური აზიის ქვეყნები ევროპის სარკინიგზო ქსელთან ალტერნატიული მარშრუტით  დააკავშირა“.

მან ხაზი გაუსვა საპორტო ინფრასტრუქტურის ახალი განვითარების ტალღას, რასაც „ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტს ვუკავშირებთ, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო იქნება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ამ დერეფანში“.

Civil.Ge © 2001-2024