კარასინი: ‘ჯაველინის სისტემის მიყიდვა თბილისს ახალი საშიში ავანტიურებისკენ უბიძგებს’
Civil Georgia, Tbilisi / 29 Nov.'17 / 13:34

თავდაცვის სფეროში დასავლეთის დახმარება საქართველოსთვის „პირდაპირ უბიძგებს თბილისს ახალი საშიში ავანტიურებისკენ რეგიონში“, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს 28 ნოემბერს.

კარასინის განცხადებას დაახლოებით ერთი კვირით ადრე წინ უსწრებდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინის“ შესაძლო მიყიდვის თაობაზე, რაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, „ამ მასშტაბის პირველი გარიგებაა აშშ-სა და საქართველოს შორის 2008 წლის შემდეგ“.

სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებამდე გამართულ რეგულარულ შეხვედრაზე, რუსულმა მხარემ „კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თბილისსა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების საშიშროებას“ და ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ქართველი სამშვიდობოების წვრთნის ნაცვლად, ვაშინგტონი რეგულარულ საბრძოლო შენაერთხებს მოამზადებს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა წუხილებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აშშ-ის დახმარებით, საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ერთი სამხედრო-მოსამზადებელი ცენტრის მშენებლობა იგეგმება.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველო 410 თვითდამიზნებად მართვად რაკეტას და 72 მრავალჯერადი გამოყენების სამეთაურო-გამშვებ ბლოკს, ასევე ლოჯისტიკისა და პროგრამული მხარდაჭერის ელემენტებს შეიძენს. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეიარაღება მხოლოდ თავდაცვითი მიზნით იქნება გამოყენებული.

Civil.Ge © 2001-2024