მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ლიდერებს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 29 Nov.'17 / 18:24

საქართველოს და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პაველ ფილიპმა 29 ნოემბერს თბილისში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე და საფრთხეებზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა შეხვედრამდე, რომ მოლდოვა „მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირეა“, ვისთანაც საქართველოს „ერთი საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებები“ აქვს.

შემდეგ მან მადლობა გადაუხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრს მისი ქვეყნის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დასძინა, რომ საქართველო „მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების ძალიან მკაფიო მხარდამჭერია“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს და მოლდოვას მეგობრობის გარდა საერთო ინტერესები აკავშირებთ ევროკავშირთან ინტეგრაციის, ასევე ტეროტორიული კონფლიქტების კუთხით.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პაველ ფილიპი ასევე შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, სადაც მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობის და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

28 ნოემბერს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე გამოვიდა სიტყვით და მისი ქვეყნის მხარდაჭერა გამოხატა იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ეკონომიკური და სატრანზიტო თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.  

Civil.Ge © 2001-2024